აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოქალაქეთა უმეტესი ნაწილი შესაძლოა ფინანსური შემწეობის გარეშე დარჩეს. ამ ცვლილების აუცლებლობას დევნილთა და განსახლების სამინისტროში თანხების "სამართლიანი გადანაწილების" პრინციპით ხსნიან.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, უწყებაში ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი ოჯახი, რომელიც იძულებით გადაადგილებულის სტატუსით სარგებლობს, 45-ლარიან შემწეობას სულაც არ საჭიროებს, რადგანაც ისედაც მაღალი შემოსავალი აქვს.
მინისტრ სოზარ სუბარის თქმით კი, გამოთავისუფლებული თანხები დაბალშემოსავლიან დევნილებზე გადანაწილდება.
"დევნილის სტატუსს არავინ ეხება. ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ დევნილთა დახმარების სისტემა გახდეს უფრო მეტად ორიენტირებული გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებზე და არა იმ ადამიანებზე, ვისაც ეს დახმარება არ სჭირდებათ", - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, რეფორმა მაქსიმალურად მოერგება იმ დევნილ ოჯახთა ინტერესებს, რომლებიც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან და ფინანსურ დახმარებას რეალურად საჭიროებენ.
"თითოეული თეთრი, რომელიც ამ რეფორმით დაიზოგება, მოხმარდება ისევ და ისევ დევნილებს, მოხმარდება სოციალურად დაუცველი დევნილების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ სოციალურ დახმარებებს, მოხმარდება ამ დევნილებისთვის შემოსავლის წყაროების ზრდასა და გაჩენას, ამაში იგულისხმება დასაქმების პროგრამები და ასე შემდეგ.
"რაც ყველაზე მთავარია, მოხმარდება მშენებლობებს და დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, რომ დავაჩქაროთ მშენებლობების ტემპები. გაძლევთ პირობას, ეს რეფორმა ამ მხრივ მოგვცემს ძალიან სერიოზულ წინსვლას და უფრო ნაკლები გაჭირვებული დევნილი გვეყოლება", - დასძინა სოზარ სუბარმა.
იგი ამბობს, რომ აღნიშნული რეფორმის გატარებას შესაბამის თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე წლებია რაც სახელმწიფოსგან დაჟინებით ითხოვენ. სამინისტრო ამ საკითხზე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც აქტიურად თანამშრომლობს.
მინისტრის თქმით, სამინისტროს ბიუჯეტი არის 85 მილიონი ლარი, საიდანაც 70 მილიონი ლარი ხმარდება დევნილთა ბინებით დაკმაყოფილებას. ბინათმშენებლობა, მისი თქმით, უწყების მთავარი პრიორიტეტია, რათა დევნილები ღირსეული საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილდნენ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ამ იდეას საქველმოქმედო ფონდი "აფხაზეთი" არ იზიარებს. მათი თქმით, რეფორმაში რიგი საკითხები ბუნდოვანი და გაურკვეველია.
"მთელ კვირას" საქველმოქმედო ფონდ "აფხაზეთის" აღმასრულებელი დირექტორი, ნუკრი მილორავა ესაუბრა. ორგანიზაცია სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და აღნიშნული საკითხის განხილვაში მონაწილეობას მისი წარმომადგენელიც იღებდა. მილორავას თქმით, მინისტრის განცხადებამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
"ამ თემაზე საუბარი იყო, თუმცა ეს იდეის დონეზეა, რადგანაც მის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტში, შესაბამის კომიტეტში საკითხის განხილვა. იმაზე კი, რომ დევნილთათვის სოციალური დახმარების სამართლიანი გადანაწილება აუცილებელია, არავინ დაობს. უბრალოდ კრიტერიუმები, რითაც მოხდება განსაზღვრა, ვის სჭირდება ეს 45 ლარი და ვის არა, უნდა იყოს გასაგები და ობიექტური. ამასთან, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ამ გზით დაზოგილი თანხა რას მოხმარდება", - თქვა მილორავამ "მთელ კვირასთან" საუბრისას.
მისი თქმით, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარების კუთხით რეფორმები აუცილებელია, თუმცა მას წინ საფუძვლიანი კვლევა, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და სამოქმედო გეგმა სჭირდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მოხდება ის, რაც აქამდე ხდებოდა, ანუ ადგილი ექნება რესურსების მეტწილად ამაო ხარჯვას.
ამ ეტაპზე იძულებით გადაადგილებულ პირთა ის ნაწილი, რომელთა თვიური შემოსავალი აღემატება 1250 ლარს, დევნილთათვის განკუთვნილ ყოველთვიურ სოციალურ შემწეობას არ იღებს. აგრეთვე, 45-ლარიანი დახმარება უწყდება იმ პირსაც, რომელიც ქვეყანას ტოვებს.
ფონდ "აფხაზეთის" მონაცემებით, მაღალშემოსავლიან დევნილთა რაოდენობა 10 000-ს აღწევს. თავის მხრივ სიღარიბის ზღვარს მიღმა არის იძულებით გადაადგილებულ პირთა 11%, ხოლო 20-30% კი ამ ზღვართანაა და შესაბამისად, ამ შემწეობის გაუქმება მათ დიდ ნაწილს გააღატაკებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში განხილულ საკითხს დევნილ მოსახლეობაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მათი თქმით, ბევრი მათგანისთვის 45 ლარიანი დახმარება თვიური შემოსავლის მნიშვნელოვან წვლილს შეადგენს.
ქეთევან იზორია აფხაზეთიდან დევნილია. ის მეუღლესა და ორ შვილთან ერთად თბილისში, საკუთარ ბინაში ცხოვრობს. ოჯახის თითოეული წევრი ყოველთვიურად იღებს 45 ლარიან შემწეობას.
"ეს ბინა ჩვენი შრომით შევიძინეთ, სახელმწიფო არაფერში დაგვხმარებია და ეხლა იმის გამო, რომ ეს ბინა გვაქვს და რაღაც პირობები შევიქმენით, ამის გამო ამ დახმარების შეწყვეტა სამართლიანია?!
"მე დიასახლისი ვარ, მეუღლე და შვილები მუშაობენ, მაგრამ არ აქვთ მაღალი ანაზღაურება. არ დაგავიწყდეთ, რომ აქ ყველაფერი ნოლიდან გვაქვს დაწყებული, სახლ-კარი და ქონება ბანკმა კი არა, მტერმა წაგვართვა და დაგვინგრია. სახელმწიფომ ჩვენი დაცვა ვერ შეძლო და შესაბამისად, ვიმსახურებთ მისგან გვერდში დგომას.
"დიახ, არიან მდიდარი ოჯახები, ვისთვისაც ეს 45 ლარი არაფერია, არც ჩვენ გვეთქმის ღარიბი, მაგრამ ჩენი ოჯახისთვის ეს თანხა ზედმეტი ნამდვილად არ არის. იმედია, იმის განსაზღვრისას, ვის ეკუთვნის და ვის არა ეს შემწეობა, ამ ფაქტორსაც გაითვალისწინებენ", - თქვა იზორიამ "მთელ კვირასთან" საუბრისას.
ვახო შამუგია
გაზეთი "რეზონანსი"