„ბავშვთა სამყაროს“ მზიდმა კონსტრუქციამ დაზიანება მიიღო და ამჟამად შენობა ავარიულია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დავით გელაშვილმა აღნიშნა, ხანძრის შესახებ ინფორმაცია 04:10 საათზე შევიდა, ხოლო პირველი დანაყოფი 3 წუთში მივიდა ადგილზე. მისივე თქმით, ცეცხლი თითქმის მთლიან შენობას ეკიდა.
„3 წუთში მოვიდა პირველი დანაყოფი, დადასტურდა ფაქტი, რომ იწვოდა „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ღია სავაჭრო ფართი, 3 000 კვ. მეტრზე მეტი. ადგილზე მუშაობდა 31 სახანძრო დანაყოფი, თუმცა 5 წუთში, ხანძრის ქრობიდან ცეცხლი გავრცელდა „ბავშვთა სამყაროს“ მთლიან შენობაზე, რომლის ფართი 10 000 კვ. მეტრია, ხოლო ცეცხლის ქრობიდან 10-12 წუთში, 18 000 კვ.მეტრი ღია ცეცხლის ფართობი იწვოდა. ამ მომენტისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული ობიექტების დამუშავება“, - განაცხადა დავით გელაშვილმა.
მისივე თქმით, ხანძრის გამოწვევ მიზეზებზე საუბარი არ შეუძლია, რადგან ადგილზე მისვლის შემდეგ ცეცხლი მთელ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.
ადგილზე ამჟამადაც სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.