„ალდაგის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა, კომპანია „ალდაგში“ იყო დაზღვეული.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“, კომპანიაში უთხრეს, ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი, რადგან ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

„ჩვენი ტექნიკური ჯგუფი გასულია და არკვევენ დეტალებს... ამ ეტაპზე მიდის ზარალის დათვლა და ცოტა ხანში გახდება ინფორმაცია ცნობილი,“ - აღნიშნეს "ალდაგში".

გავრცელებული ინფორმაცით, სავაჭრო ცენტრი 6 მილიონ ლარად იყო დაზღვეული.

სავაჭრო ცენტრის ძირითადი საქმიანობა, რომელიც 1996 წელს შეიქმნა, საიჯარო მომსახურებაა.

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროსა“ და მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად განადგურებულია. დამწვარია ათეულობით მოვაჭრის სავაჭრო ინვენტარი და პროდუქცია.

გამოწვეული ზარალი ჯერჯერობით უცნობია. მოვაჭრეების გათვლით, სავარაუდოდ 100 ათასობით ლარის ზარალი მიადგათ. სავაჭრო ცენტრში ძირითადად ოქროს ნაკეთობების, ავეჯის, ხალიჩების, ფარდების, ტანსაცმლის და სხვა ნივთების რეალიზაცია ხდებოდა.