ხანძარზე რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული, როგორც ჩანს, დაგვიანებული იყო შეტყობინება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ განუცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ „ბავშვთა სამყაროსთან“ მივიდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეტყობინება ხანძრის შესახებ 112-ზე შევიდა 04.10 საათზე, რის შემდეგაც 5-6 წუთში მოხდა ადგილზე მეხანძრე-მაშველების მისვლა.
ამასთან, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზი, მერაბ მალანიას თქმით, გამოძიება დაადგენს.
„გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ადრეა საუბარი. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შეტყობინება 04.10 საათზე შემოვიდა. 5-6 წუთში ადგილზე იყვნენ 31 მანქანა და 200 კაცამდე მეხანძრე-მაშველი. რაც შეეხება რეაგირების დაგვიანებას, რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული. დაგვიანებული იყო შეტყობინება. როგორც ჩანს, გვიან შეამჩნიეს ხანძარი. კერა, როგორც ჩანს, არ არის შენობაში. ეს არის ბაზრის ტერიტორიაზე“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ.
მისივე თქმით, შსს გააკეთებს მაქსიმუმს, რათა გამოძიება დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად და დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.
”ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. შსს გააკეთებს მაქსიმუმს, რომ გამოძიება დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად და დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. გამოძიების მსვლელობისას, ბუნებრივია, ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება შემთხვევის ადგილი. გამოძიება შეისწავლის და აღრიცხავს ყველა დეტალს, დაადგენს ასევე ზარალის ზუსტ ოდენობას და კონკრეტულ დაზარალებულებს”, - განაცხადა მალანიამ.