საპარტნიორო ფონდის დელეგაცია, აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ბუდაპეშტში შეხვედრებს გამართავენ უძრავი ქონების სექტორში მოღვაწე დეველოპერი და ინვესტორი კომპანიების პირველ პირებთან, რომლებსაც საქართველოს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
„დელეგაცია ბუდაპეშტში Hotel Investment Conference CEE&Caucasus-ში მონაწილეობას მიიღებს. კონფერენცია კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში უძრავი ქონების განვითარებას და ინვესტირებას ეძღვნება. ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს იმ დეველოპერი და ინვესტორი კომპანიების პირველ პირებთან, რომლებიც უძრავი ქონების სექტორში საქმიანობენ. საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები უცხოელ ინვესტორებს საქართველოს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და ფონდის მიერ ამ სექტორში უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ გააკეთებენ პრეზენტაციას. ასევე, საუბარი შეეხება რეგიონებში სასტუმროების განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის წყალტუბოს როგორც ბალნეოლოგიური კურორტის აღორძინება და მისი განვითარების და რაჭის ტურისტული ზონის განვითარების შესახებ“, - აღნიშნულია საპარტნიორო ფონდის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ქართული დელეგაციის წევრები შეხვედრას გეგმავენ უნგრეთის „ექსიმბანკის“ წარმომადგენლობასთანაც.
„ტურიზმი და უძრავი ქონების სექტორი საპარტნიორო ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2015 წელს ფონდმა ლიკანში, 5-ვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი“ გახსნა. სასტუმროების მიმართულებით საპარტნიორო ფონდის მიერ დასრულებული პროექტებია ასევე, სასტუმრო „ჯინო ველნესი“ ახალციხეში, „როიალ ბატონი“ ყვარელში, და მულტიფუნქციური სპა გამაჯანსაღებელი კურორტი საირმეში. ამჟამად, ფონდი ჩართულია კახეთის რეგიონში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს „წინანდალი რედისონის“ პროექტის განხორციელებაში. საპარტნიორო ფონდი ასევე აშენებს 3 ვარსკვლავიან Best Western საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს ქუთაისში, რომელიც პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება იმერეთის რეგიონში“, - აღნიშნულია საპარტნიორო ფონდის განცხადებაში.