ლაშა აბაშიძე - ჩვენ მესაკუთრეებთან კონსულტაცია გვქონდა და ვაპირებთ, კიდევ ერთხელ შევხვდეთ მათ

ჩვენ გვქონდა კონსულტაცია მესაკუთრეებთან და ვაპირებთ, კიდევ ერთხელ შევხვდეთ მათ, - ამის შესახებ „ბავშვთა სამყაროსთან“ გაჩენილი ხანძრის თემაზე თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება დაზარალებულთა დახმარებას, ლაშა აბაშიძის თქმით, ქალაქის მერია ყველანაირად ეცდება მოვაჭრეების დახმარებას.

„მძიმე ფაქტი მოხდა. მძიმე მდგომარეობაშია ეს ხალხი, რადგან მათ აღებული აქვთ ვალდებულებები და საქონელი სრულად გაუნადგურდათ. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით შევამსუბუქოთ ვითარება. სამწუხაროდ, ასეთი გარემოებებიდან არ არის დაზღვეული ტერიტორია და ვფიქრობთ, რომ ასეთ ობიექტებზე აუცილებელია იყოს დაზღვევა, რათა არ მოხდეს მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება. რაც გადარჩა, ის ძვირად ღირებული მეტალი და ლითონები, მათი გამოტანა სავარაუდოდ, ცოტა ხანში მოხდება. ასევე არსებობს ორი ფაქტორი, ერთი ის, რომ მოქალაქეებს აქვთ საფინანსო ვალდებულებები ბანკებთან. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს ვალდებულებები შევამსუბუქოთ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს არის კერძო საკუთრება და გამოძიება დაადგენს, თუ რომელი მხარეა პასუხისმგებელი“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.