„რესპუბლიკელების“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ფრანსუა ფიიონის წინააღმდეგ შესაძლოა გამოძიება დაიწყოს. საქმე ეხება საფრანგეთის სენატის ფინანსური სახსრების არამიზნობრივ გამოყენებას. აღნიშნულის შესახებ ფრანგული გამოცემა Mediapart იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, საქმე ეხება „კავშირი სახალხო მოძრაობისათვის“ (დღევანდელი „რესპუბლიკელები“) პარტიის სენატორთა ჯგუფის მიერ ფულადი სახსრების მითვისებას. როგორც გამოცემა იუწყება, ფრანსუა ფიიონმა „სენატის მიერ სენატორების თანამშრომლების ანაზღაურებისთვის გამოყოფილი ფონდიდან 25 ათას ევრომდე თანხა მიითვისა“.
არაკანონიერი ოპერაცია 2003-2014 წლების პერიოდში განხორციელდა. საქმე ეხება სენატორების მიერ თავიანთი თანამშრომლების ანაზღაურებისთვის განკუთვნილ გაუხარჯავ ფულად სახსრებს, რომლებიც დაბრუნებული იყო ფრაქციის ან პარტიული ასოციაციის მიერ, რაც კანონიერად ითვლება, თუმცა, შემდგომში ამ ფულადი სახსრების ნაწილი გარკვეულ სენატორებს დაუბრუნეს, რაც თავის მხრივ, კანონდარღვევას წარმოადგენს.
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის შესაბამისმა უწყებებმა დაიწყეს წინასწარი გამოძიება აღნიშნულ საქმეზე. ამ ეტაპზე გამოძიება ეხება სახელმწიფო სახსრების მითვისებას 2009 წლის შემდგომი პერიოდში და უშუალოდ ფიიონთან კავშირში არაა, ვინაიდან ფიიონი სენატორის მოვალეობებს 2005-2007 წლებში ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ გამოცემა Mediapart-ის მტკიცებით, მათ გააჩნიათ ფინანსური დოკუმენტაცია, რომლებიც ადასტურებს ფრანსუა ფიიონის მიერ 25 ათასი ევროს მითვისებას.