ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია. ონკოლოგების მტკიცებით ამის ერთ-ერთ მიზეზი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა. ჰაერის მთავარ დამაბინძურებლად ავტომობილის გამონაბოლქვი სახელდება. ევროდირექტივაში ნათქვამია, რომ დასაცავია სწორი ბალანსი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის. ასე რომ, ტექნიკური დათვალიერების ამოქმედება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა. ტექდათვალიერების ვალდებულება სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება. ქართული ავტოპარკის 45% 11-დან 20 წლამდე მანქანებზე მოდის, ხოლო 20 წელზე მეტი ასაკის მანქანათა რიცხვი 45%-ს სცდება. გამოდის რომ, ტექნიკური დათვალიერების გასავლელად ავტომობილების წინასწარ გამართვა და მომზადება გახდება საჭირო. არის თუ არა საქართველოს მოძველებული ავტოპარკი ტექდათვალიერებისთვის მზად, ამაზე ავტოიმპორტიორთა კავშირის დირექტორმა, მიხეილ ალხანიშვილმა ისაუბრა:
„ბაზარი რეგულაციისა და სიახლისთვის არასდროს არ იქნება მზად, თუ ის სხვადასხვა მექანიზმით სახელმწიფომ თავად არ მოამზადა. ტექდათვალიერება ნორმაა ყველა განვითარებული ქვეყნისთვის. ის ჩვენთანაც რაც შეიძლება მალე უნდა ამოქმედდეს. თუმცა მისი განხორციელების ვადები და მექანიზმებია დასაზუსტებელი. კარგია, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამ საკითხით დაინტერესდა და ტენდერი გამოაცხადა. მასში საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობდნენ. ალბათ მალე გახდება ცნობილი, რომელი მათგანი შეირჩევა. სწორედ საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით შეადგენს საქართველოს მთავრობა გეგმას, რომლის მიხედვითაც ტექდათვალიერება აქტიურ ფაზაში შევა ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა მიხეილ ალხანიშვილმა.
მისივე განმარტებით, კორუფციის რისკის გამო არ იქნება მართებული ამ რეფორმის განხორციელების შეფერხება. ტესტირების ტარიფის დადგენისას კი აუცილებელია, გათვალისწინებული იქნეს მოსახლეობის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა.
„ავტომობილების ტექნიკური ტესტირება ეტაპობრივად უნდა ჩატარდეს. ტარიფიც და რეგულაციაც პირველ ეტაპზე მინიმალური უნდა იყოს და შემდეგ ნელ-ნელა გამკაცრდეს. მხოლოდ ასე შეძლებს საზოგადოება და ბიზნესი უმტკივნეულოდ მოერგოს ამ ახალ რეგულაციას,“ - განაცხადა ალხანიშვილმა.
იმავე აზრისაა „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ რუსთავის ფილიალის გაყიდვების მენეჯერიც ირაკლი გვასალიაც. მისი თქმით, ავტოსაგზაო და დაავადებების შემთხვევებს ბევრად შეამცირებს ტექნიკური დათვალიერების ვალდებულება ქვეყანაში მოძრავი ყველა მანქანისთვის. მისივე განმარტებით, აუცილებელია, ყველა მანქანას ჰქონდეს კატალიზატორი. ეს შეამცირებს მავნე გამონაბოლქვს გარემოში.
ბელა გელაშვილი