Toyota-მ პირველობა Volkswagen-ის სასარგებლოდ დათმო

იაპონურმა ავტომწარმოებელმა, კონცერნმა Toyota, 2016 წლის ყველაზე გაყიდვადი საავტომობილო კომპანიის ტიტული დაკარგა და პირველობა გერმანულ Volkswagen-ს დაუთმო.

კომპანიების მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ Toyota-მ, რომლის შემადგენლობაშია კომპანიები: Hino Motors, Daihatsu და Lexus, ჯამში 10,175,000 ავტომობილის რეალიზება შეძლო. ხოლო მისმა გერმანელმა კონკურენტმა 10, 310 000-ის. შესაბამისად, Volkswagen-ი, მიუხედავად გასულ წელს აგორებული „დიზელის სკანდალისა“, ავტომობილების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ „ფოლკსვაგენ ჯგუფის“ შემადგენლობაში 12 კომპანია შედის, მათ შორის არის Audi, Skoda, Seat, Porsche, Bentley, Lamborghini, Bugatti და სხვები.

რაც შეეხება მესამე ადგილს, ეს პოზიცია დაკარგა ამერიკულმა General Motors-მა, რომელმაც პირველობა ჯერ კიდევ 2008 წელს დათმო. მანამდე კი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ნომერ პირველი ავტომწარმოებელი კომპანია გახლდათ. მან ეს ტიტული ამის შემდეგ ერთხელ 2011 წელს დაიბრუნა, როდესაც Toyota-მ მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო. 2016 წლის მონაცემებით, 7.97 მილიონი რეალიზებული ავტომობილით General Motors-ი მხოლოდ მეხუთეა. მას უსწრებენ Renault-Nissan-ის ალიანსი 8,5 მილიონით მესამე ადგილზე და სამხრეთ კორეული Hyundai-Kia 8,17 მილიონი გაყიდული ავტომობილით.

რაც შეეხება ათეულში მოხვედრილ სხვა ავტომწარმოებლებს, ის ასე გამოიყურება.

6. Ford – 6,29 მილიონი

7. Honda – 5,4 მილიონი

8. Fiat Chrysler Automobiles (FCA) – 4,8 მილიონი

9. PSA (Peugeot, Citroen) – 3,24 მილიონი

10. Suzuki – 2,85 მილიონი

კოკა კვირკველია