ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს დახმარება გაუწიოს. როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 30 იანვარს, „ბავშვთა სამყაროს“ შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეთა დასახმარებლად და მათი საჭიროებების გასაცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ლევან დგებუაძის განცხადებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაესაუბრა დაზარალებულ მოქალაქეებს, რათა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას, გათვალისწინებული იყოს თითოეული დაზარალებული მეწარმის ინტერესები და მათ არ შეექმნათ სირთულეები.