“აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია” საქართველოსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან ერთად მეწარმე ქალთა პირველ ბიზნეს ფორუმს გამართავს.როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ღონისძიება ბათუმში, სასტუმრო ”შერატონში” გაიმართება.
ფორუმში ოთხმოცამდე მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე ასევე მიწვეულნი არიან ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციები. ბიზნესფორუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანიც დაესწრება.
ბიზნეს ფორუმის მიზანია, ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკაში, კერძოდ კი, მცირე და საშუალო ბიზნესში, მათი ჩართულობის გაზრდით, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებით და ახალი ბიზნეს კონტაქტების შეძენით. ფორუმის თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები ასევე არიან რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობები და მათი ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“.
„აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციამ“ მუნიციპალურ ,,ქალთა ოთახებთან’’ პარტნიორობით უკვე დაიწყო მუშაობა სოფლად მცხოვრები ქალების მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართვაზე. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახების” კოორდინატორებს ჩაუტარდათ ბიზნეს გეგმისა და ბიზნეს პროექტის წერის ტრენინგები, რამაც შემდგომში განაპირობა მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური აქტიურობა”, - აღნიშნულია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი ხელს შეუწყობს ბიზნესში ჩართული ქალების ცნობიერების ამაღლებას ბიზნესის რეგულაციებზე და ქალთა როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ”მათ გაუჩნდებათ სტიმული და მოტივაცია გაიჩინონ ახალი ბიზნეს პარტნიორები და განახორციელონ ახალი ბიზნეს იდეები”, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“-ს მიერ იმპლემენტირებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით ჩატარდება.