სამართალდამცავები „ბავშვთა სამყაროს“ მთელი ღამის განმავლობაში გაძლიერებულ რეჟიმში იცავდნენ. როგორც კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სავაჭრო ცენტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე ათეულობით პოლიციელია განლაგებული.
უსაფრთხოების გაძლიერების განკარგულება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ წუხელ, მას შემდეგ გასცა, რაც გარემოვაჭრეთა ნაწილის მხრიდან გამოითქვა ეჭვი, რომ ღამის განმავლობაში „ბავშვთა სამყაროში“ განთავსებულ იმ საცავში, რომელიც ხანძარს გადაურჩა და რომელშიც ძვირფასეულობაა განთავსებული, შესაძლოა, უცხო პირები შესულიყვნენ.
ამასთან, სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავინდებურად აღმართულია სპეციალური ბარიკადები, რომელსაც ასევე სამართალდამცავები იცავენ.
უსაფრთხოებისთვის ისევ გადაკეტილია მიმდებარე ქუჩები. მოძრაობას კი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკონტროლებენ.