ბაზარზე ჭურჭლის სარეცხი ქართული ღრუბელი გამოჩნდა

ჭურჭლის სარეცხი ქართული ღრუბელი ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. როგორც კომპანია „დენოლას“ გაყიდვების მენეჯერმა, საბა კვანტრიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, პროდუქციის წარმოება 2-3 თვის წინ დაიწყეს და უკვე შემოდგომისთვის იმპორტის 50%-მდე შემცირებას გეგმავენ.

სამომავლოდ პროდუქტის მეზობელ ქვეყნებში ექსპორტიც იგეგმება. როგორც კვანტრიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ახალი პროდუქციის წარმოების დაწყება დაახლოებით, 100 ათას დოლარმდე დაჯდა. ქართული ღრუბელის ღირებულება 10-15 თეთრიდან იწყება.

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელის გარდა, კომპანია „დენოლა“, პარალონსა და ზამბარებსაც აწარმოებს. კვანტრიშვილის თქმით, ამ სეგმენტში ბაზარი ფაქტობრივად, სრულად ათვისებულია.

„ავეჯისა და მატრასის ღრუბლებისა და ზამბარების იმპორტი ფაქტობრივად სრულად ჩავანაცვლეთ. ამ მიმართულებით იმპორტი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი დოლარი იყო და აქედან ფაქტობრივად, 8 მილიონი უკვე ჩვენმა პროდუქტმა ჩაანაცვლა. გარდა ამისა, პარალონი და ზამბარა აზერბაიჯანში ექსპორტზეც გაგვაქვს და სხვა მეზობელი ქვეყნების ბაზრის ათვისებაც გვინდა,“-ამბობს კვანტრიშვილი.

კომპანიაში, რომლის ძირითადი მიმართულება პარალონის წარმოებაა, ამ დროისათვის 60-მდე ადამიანია დასაქმებული. საწარმოში, რომელიც თბილისში მდებარეობს, განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 800 000 ლარია. „დენოლა" 2014 წელს პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჩამოყალიბდა.