საპენსიო რეფორმის პროცესში ბიჰევიორისტული ეკონომიკის გამოყენება მნიშვნელოვნად გაზრდის დაგეგმილი რეფორმის წარმატების შანსს , - ამის შესახებ ”ინსტიტუციური განვითარების ცენტრის“ ეკონომისტმა გივი კუპატაძემ განაცხადა. როგორც კუპატაძემ აღნიშნა, რეფორმის დროს განსაკუთრებით გასათვალისწინებელი უნდა იყოს პროგრამის “SMarT” – „დაზოგე მეტი ხვალ“ იდეა, რომლითაც დასაქმებულები ავტომატურად გაზრდიან დანაზოგს ხელფასის მატებასთან ერთად.
„საქართველოში მიმდინარეობს მუშაობა საპენსიო რეფორმაზე და ბიჰევიორისტული ეკონომიკის ამ პროცესში გამოყენება მნიშვნელოვნად გაზრდის დაგეგმილი რეფორმის წარმატების შანსს. განსაკუთრებით ყურადსაღებია “SMarT” – „დაზოგე მეტი ხვალ“ პროგრამის იდეის გათვალისწინება, რაც გულისხმობს, რომ დასაქმებულები ავტომატურად გაზრდიან ხელფასიდან საპენსიო დანაზოგის წილს არა დღეს, არამედ მომავალში, როდესაც ხელფასები მოემატებათ“, - აცხადებს „ინსტიტუციური განვითარების ცენტრის“ ეკონომისტი და ესტონეთის ბიზნეს სკოლის დოქტორობის კანდიდატი გივი კუპატაძე.
მისივე შეფასებით, ბიჰევიორისტული ეკონომიკის მიმზიდველობა საჯარო სექტორში არსებული გამოწვევებისადმი ინოვაციურ და გონივრულ მიდგომაში მდგომარეობს. როგორც კუპატაძე განმარტავს, ტრადიციული მიდგომისგან განსხვავებით, სახელმწიფო კი არ აიძულებს ადამიანებს მიიღონ სოციალურად სასარგებლო გადაწყვეტილებები რეგულაციებისა და კანონების საშუალებით, რაც მნიშვნელოვან დანახარჯებთანაა დაკავშირებული, არამედ, სახელმწიფო ცვლის კონტექსტს, სადაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საბიუჯეტო დანახარჯებსა და ზრდის ეფექტიანობას.
„თანამედროვე საჯარო სექტორის გამოწვევაა მაღალი საბიუჯეტო ხარჯები, საჯარო პროექტების დაბალი ეფექტიანობა და სახელმწიფოს მიერ სასურველი საჯარო მიზნების მისაღწევად, ხშირ შემთხვევებში, ზედმეტად პატერნალისტური ჩარევა. შესაძლებელია ამ სამივე მნიშვნელოვანი გამოწვევის ერთდროულად გადაწყვეტა თუ მოხდება ბიჰევიორისტული ეკონომიკის საჯარო პოლიტიკაში აქტიური გამოყენება“, - განმარტავს კუპატაძე.
მისივე თქმით, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ბიჰევიორისტულ ეკონომიკას ინტენსიურად იყენებენ საჯარო პოლიტიკაში, ისეთი წარმატებული ქვეყნები, როგორებიცაა ინგლისი, აშშ, გერმანია, ჰოლანდია, კანადა და ავსტრალია.
„ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით ვიცით, რომ ბიჰევიორისტული ეკონომიკის საჯარო პოლიტიკაში გამოყენების საშუალებით მილიონობით ფუნტისა და დოლარის ეკონომიკური სარგებელი მიიღო დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა. მაგალითისათვის, ბიჰევიორისტული ეკონომიკის გამოყენებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვადაგადაცილებული გადასახადების ამოღება გადასახადების გადამხდელებისაგან და გაიზარდა, როგორც საპენსიო დანაზოგის პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა, ასევე ხელფასიდან გამოყოფილი საპენსიო დანაზოგის პროცენტული წილი“, - აცხადებს გივი კუპატაძე.