ბიზნესისთვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპის შეთავაზება ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივების ყველაზე იოლი და ყველაზე სწრაფად აღსრულებადი საშუალებაა. ერთი ფანჯრის პრინციპი კერძო პირებისთვის უმეტესად იუსტიციის სახლში მოქმედებს. მსგავსი მომსახურება და ყველა სერვისის მიწოდება ბიზნესს საბაჟოზე ესაჭიროება. ავტოიმპორტიორთა კავშირის დირექტორის, მიხეილ ალხანიშვილის თქმით, ეს აუცილებელია როგორც იმპორტისთვის, ასევე ექსპორტისთვისაც.
„ერთი ფანჯრის პრინციპი, ჩემი აზრით, უნდა გულისხმობდეს როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ სივრცესაც. ამ სისტემის ძირითადი მიზანი მატერიალური და დროის რესურსის დაზოგვაა, როგორც ხელისუფლების, ისე კომპანიების მხრიდან. ბიზნესისთვის დრო ფულია. ყველა წუთი და ხანდახან საათებიც, რომლებსაც კომპანიები სხვადასხვა უწყებაში სიარულს ანდომებენ, უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე. საბაჟოზე ბიუროკრატიული ბარიერები იმპორტიორებს თუ ექსპორტიორებს არ უნდა აფერხებდეს,“ - განმარტა მიხეილ ალხანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში კომპანიები ერთ კონკრეტულ ადგილას, საბაჟოს კონკრეტულ პუნქტში აგროვებენ მათთვის საჭირო ყველა დოკუმენტს, როგორიცაა საბაჟო დეკლარაციები, აპლიკაციები იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისთვის, ასევე ისეთი დოკუმენტებისა და სერთიფიკატების აღება, როგორიცაა ადგილწარმოშობის სერთიფიკატები და სავაჭრო ინვოისები.
ცვლილებები საბაჟო მომსახურების სფეროში დაგეგმილია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა. თუმცა მის მიერ დაანონსებული მთავრობის ერთიანი ფრონტ-ოფისი, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება, ჯერ კიდევ არ ჩანს. არადა, ერთი ფანჯრის პრინციპი, სავარაუდოდ, შეამცირებს იმ ბიუროკრატიულ ბარიერებს, რაც დღეს ბიზნესს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში ექმნება.