დავით ნარმანია - ბანკების მხრიდან ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების მიმართ სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია

„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების მიმართ კომერციული ბანკებისა და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია , - ამის შესახებ თბილისის მერიაში გამართულ საკოორდინაციო თათბირზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

თბილისის მერიაში ამ წუთებში საკოორდინაციო თათბირი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მასში თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის გარდა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კერძოდ, თათბირს ესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, შს სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე, ბიზნესომბუდსმენი, ”ბავშვთა სამყაროსა” და ბაზრობების ასოციაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის დასაწყისში დედაქალაქის მერმა მედიისთვის განცხადება გააკეთა. დავით ნარმანიას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა სამინიტროს წარმომადგენლები ისაუბრებენ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული საქონლის იდენტიფიკაციასა და იმაზე, რომ საგადასახადო ვალდებულებები არ გაეზარდოთ.

”ჩვენი აზრით, ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება იმისთვის, რომ შემსუბუქდეს დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკისა და ბანკების ასოციაციის ჩართულობა ამ საკითხში. თქვენთვის ცნობილია, რომ გუშინ პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო უწყებების კოორდინაციაზე, ასევე იმაზე, რომ კომერციულმა ბანკებმა და სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებებმა გამოიჩინონ სოლიდარული პასუხისმგებლობა და კრედიტები გადაუვადონ დაზარალებულ მოვაჭრეებს. რასაკვირველია, თითოეული საბანკო დაწესებულების და საფინანსო ორგანიზაციის ჩართულობა ამასთან დაკავშირებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი საქმე”, - განაცხადა შეხვედრაზე დავით ნარმანიამ.