გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ 2013 წელს ჩატარებული ბოლო კვლევით, საწვავის ხარისხი ქართულ ბაზარზე საგანგაშოა. ბენზინში ბენზოლის წილი 3-ჯერ, ხოლო გოგირდი 25-ჯერ აჭარბებს ევროპულ ნორმას. კიდევ უფრო მძიმეა დიზელის ხარისხობრივი მდგომარეობა, რომელშიც ცეტანის, ანუ პარაფინის შემცველობა 47-ჯერ, გოგირდისა კი 30-ჯერ აღემატება ევროსტანდარტს. ვითარებას მოძველებული ავტოპარკიც ამძიმებს. ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების თითქმის 50% ამორტიზებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს მანქანები 20 წელზე მეტი ასაკისაა. ასეთი მანქანები კი საწვავის გაორმაგებულ რაოდენობას მოიხმარს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაორმაგებულია ავტომობილის მავნე გამონაბოლქვის ზემოქმედება გარემოზე.
გარემოს დაცვის სამინისტრომ დედაქალაქში ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი 2016 წლის მაისიდან დაიწყო. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით ნავთობკომპანიებს პერიოდულად და მათგან სრულიად მოულოდნელად, შერჩევითი წესით ამოწმებს. აღებულ სინჯებს კი ლაბორატორიებში გზავნის. მათივე ინფორმაციით, საწვავის სინჯები ადგილობრივი ლაბორატორიების გარდა, შესაძლოა, საზღვარგარეთაც შემოწმდეს. დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები 8-10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. სანქცია შეეხება ისეთი საწვავის იმპორტს, წარმოებას და მიწოდებას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს.
“ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ რუსთავის ფილიალის გაყიდვების მენეჯერი, ირაკლი გვასალია კი ფიქრობს, რომ საწვავის ხარისხის კონტროლი ერთია, ხოლო მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მოძრავი ყველა ავტომობილის სტანდარტი.
„ის რომ საწვავის ხარისხი და შემადგენლობა მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, მაგრამ საჭიროა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვისაც დადგინდეს სტანდარტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაოდენ ხარისხიანიც არ უნდა იყოს საწვავი, მწყობრიდან გამოსული ავტომობილი არასრული წვის გამო მაინც საგანგაშოდ დააბინძურებს გარემოს მავნე ნივთიერებებით,“ - განმარტა ირაკლი გვასალიამ.
მისივე თქმით, ქალაქის ბენზინგასამართ სადგურებზე მეტნაკლებად დაცულია მომხმარებელი, რასაც ვერ ვიტყოდით რეგიონებზე. ჯერ კიდევ ხშირია სხვადასხვა რაიონში ფალსიფიცირებული საწვავის კუსტარულ ბენზინგასამართ სადგურებზე გაყიდვის შემთხვევები.
ამჟამად საწვავის ხარისხის კონტროლს სამი სახელმწიფო უწყება, გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური ახორციელებს.
ავტორი ბელა გელაშვილი