ფულადი სახსრების მოზიდვაზე შეზღუდვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 15 ივლისიდან შეეხება

სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, მეწარმე სუბიექტებს ფულადი სახსრების მოზიდვა შეეზღუდათ.

თუმცა, ეს ცვლილება (შეზღუდვა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, 2017 წლის 15 ივლისამდე არ გავრცელდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის 13 იანვრის ბრძანებაშია ნათქვამი.

კერძოდ, საუბარია, სამოქალაქო კოდექსის 628 პრიმა მუხლზე, რომლის თანახმადაც, თუ მეწარმე ან ურთიერთდაკავშირებულ მეწარმეთა ჯგუფი 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან იზიდავს ფულად სახსრებს, მაშინ თითოეული ფიზიკური პირისგან მოზიდული თანხის ოდენობა 100 000 (ასი ათას) ლარზე (ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე) ნაკლები არ უნდა იყოს.

„თუ მეწარმეს ან ურთიერთდაკავშირებულ მეწარმეთა ჯგუფს წარმოეშობა ამ ნაწილის მოთხოვნების დაცვის ვალდებულება, მაშინ მან 20-ზე ნაკლები ფიზიკური პირისგან მოზიდული 100 000 (ასი ათას) ლარზე (ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე) ნაკლები თანხა უნდა გადაიხადოს ამ ვალდებულების წარმოშობიდან 1 წლის განმავლობაში. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება კომერციულ ბანკზე, საკრედიტო კავშირზე, საბროკერო კომპანიაზე და ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებზე. ამ მუხლის მიზნებისათვის ურთიერთდაკავშირებულ მეწარმეთა ჯგუფი გულისხმობს ისეთ მეწარმეებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ან/და ერთმანეთის საწარმოებში ფლობენ წილის/აქციების 50 პროცენტს ან მეტს, ან/და ფლობენ ერთმანეთის სათავო საწარმოებს (სათავო ორგანიზაციებს) ან/და მათ შვილობილ საწარმოებს ან/და აფილირებულ საწარმოებს ან/და ერთობლივ საწარმოებს,“ - ნათქვამია კოდექსში.