"ბავშვთა სამყაროს" ფინანსების ხელმძღვანელი - ხანძრის შედეგად 1000-ზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა, ზარალი რამდენიმე მილიონს მოიცავს

"ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად 1000-ზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის მერიაში საკოორდინაციო თათბირის დასრულების შემდეგ სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს" ფინანსების ხელმძღვანელმა ლაშა ფაიქაძემ განუცხადა.

"ზარალი ძალიან დიდია. გუშინდელი ხანძრის შედეგად დაზიანდა არა მარტო შენობა-ნაგებობა, არამედ მოვაჭრეების ქონება და ნივთები. დარწმუნებული ვართ, ზარალი რამდენიმე მილიონს მოიცავს და ამაზე კომენტარის გაკეთება ახლა ნაადრევად მეჩვენება. შექმნილია ჯგუფი. შენობა ჯერჯერობით ისეთ მდგომარეობაშია, რომ იქ შესვლა საფრთხეს წარმოადგენს. აღიწერება ყველაფერი და ზარალის ოდენობა დადგინდება", - განაცხადა ლაშა ფაიქაძემ.

სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს" წარმომადგენელმა თბილისის მერიაში დღეს გამართულ საკოორდინაციო თათბირის შესახებაც ისაუბრა. აღნიშნა, რომ საბანკო სექტორი მათ დახმარებას ჰპირდება. კერძოდ, იმ დაზარალებულ მოვაჭრეებს, რომლებსაც საკრედიტო ვალდებულებები გააჩნიათ, უშუამდგომლებენ კრედიტების გონივრული ვადით გადავადებისთვის.

სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს" წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო მათ დაპირდა, რომ მოვაჭრეებს გამარტივებული მექანიზმით დაზიანებული საქონელი ჩამოეწერება. ასევე გადასახადების რესტრუქტურიზაცია-გადავადება მოხდება. გარკვეულ შემთხვევებში კი, ფინანსთა სამინისტრო დაზარალებულებს გადასახადებს გაუუქმებს.

"რაც შეეხება "ბავშვთა სამყაროს" ადმინისტრაციას, ცდილობს დაადგინოს ზარალის ოდენობა. ასევე თანამშრომლობს ყველა უწყებასთან, რომელიც დღეს შეხვედრაზე შეიკრიბა და მომავალშიც გვექნება ურთიერთობა. შესაბამისად, დროულად დაეხმარებიან ყველა დაზარალებულ მოვაჭრეს", - განაცხადა ლაშა ფაიქაძემ.