ირაკლი ლექვინაძე - მერიის მხრიდან მოვაჭრეთა კომპენსაციის გაცემის საკითხი არ განიხილება

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულ სამ თანამშრომელს შეხვდა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დაზარალებულებმა მერიის პოზიცია კიდევ ერთხელ მოისმინეს და არსებული გარემოებების გადაჭრის გზებზე მერის მოადგილეს საკუთარი ხედვები გააცნეს.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ამ დროისათვის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი მეწარმეებისთვის ალტერნატიული ფართების შეთავაზებასთან ერთად, საბანკო დაწესებულებებთან შუამდგომლობისა და საგადასახადო ვალდებულებების შემსუბუქების საკითხებზე მსჯელობს. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში ბაზრობების დირექტორები თბილისის მერიას წარუდგენენ იმ ობიექტების ჩამონათვალს, სადაც დაზარალებულები შეღავათიანი პირობებით სარგებლობას შეძლებენ.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა იმ მეწარმეებთან, რომლებიც „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ტანსაცმლითა და აქსესუარებით ვაჭრობდნენ. მათი ქონება, შესაძლოა ითქვას, სრულად არის განადგურებული. ჩვენ მათ გავაცანით ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც თბილისის მერია სთავაზობს დაზარალებულებს სხვადასხვა უწყებებთან ერთად, კერძოდ, ეს არის ალტერნატიული სავაჭრო წერტილები სხვადასხვა ბაზრობის ტერიტორიებზე, საბანკო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია/გადავადება და საგადასახადო ვალდებულებების შემსუბუქება, რაზეც ფინანსთა სამინისტრო მსჯელობს. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ მათ მიერ დაყენებულ მნიშვნელოვან საკითხებს, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ დაზარალებულებთან, რათა გარკვეულ ჯგუფებს არ ჰქონდეთ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტირების საშუალება. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ისინი მუდმივ რეჟიმში იქნებიან ინფორმირებულნი. კომპენსაციის გაცემის საკითხი მერიის მხრიდან არ განიხილება, რადგან ეს ადამიანები არიან მეწარმეები, დღეს თბილისში 500 000-ზე მეტი მეწარმეა რეგისტრირებული და თითოეული მათგანის ქონების დაცვის საკითხს, რაც რეალურად არის სადაზღვევო სისტემის ნაწილი და ამ სისტემით უნდა ხდებოდეს მათი ანაზღაურება, მერია კომპენსაციით ვერ მოაგვარებს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

„ბავშვთა სამყაროს“ მეწარმეებმა მერის მოადგილეს, თავის მხრივ, ე.წ. „იაფი სესხის“ საკითხთან დაკავშირებით ბანკებთან მოლაპარაკებაში დახმარება სთხოვეს. აღნიშნულ საკითხს ირაკლი ლექვინაძე უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს.