თომას მაირ-ჰარტინგი - სამაგალითო და შთამბეჭდავია საქართველოს მისწრაფება, დაუახლოვდეს ევროპის შიდა ბაზარს

სამაგალითო და შთამბეჭდავია საქართველოს მისწრაფება, დაუახლოვდეს ევროპის შიდა ბაზარს, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , ამის შესახებ საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველმა დირექტორმა თომას მაირ-ჰარტინგმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

”მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში. საქართველო გამორჩეულად დინამიური პარტნიორია ”აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში. სამაგალითო და შთამბეჭდავია საქართველოს მისწრაფება, დაუახლოვდეს ევროპის შიდა ბაზარს“, - განაცხადა თომას მაირ-ჰარტინგმა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები.

მაიე-ჰარტინგის თქმით, ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას დასაქმების, კერძო სექტორის ხელშეწყობის და განათლების სფეროებს ანიჭებს, რადგან ეს მიმართულებები ევროკავშირთან თანამშრომლობის დადებით შედეგებს ქართული მოსახლეობისათვის თვალსაჩინოს გახდის.

”შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მხრიდან ამ საკითხებზე ფოკუსირებას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეკონომიკური მოდერნიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა და პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებია.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტის ფარგლებში, სადაც ის დარწმუნებულია, რომ „საქართველო კვლავ წამყვანი როლის შესრულებას შეძლებს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორის, ქრისტიან დანიელსონის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორის, თომას მაირ-ჰარტინგის საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.