„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე არსებულ „ოქროს სამყაროში“ 270 საცავიდან 264 უკვე გახსნილია და მეპატრონეებს ძვირფასი ნივთები გატანილი აქვთ, - ამის შესახებ „ოქროს სამყაროს“ კომერციულმა დირექტორმა მირიან მარიამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მარიამიძემ აღნიშნა, დარჩენილია ექვსი საცავი, რომელიც იმის გამო ვერ გაიხსნა, რომ ძვირფასი ნივთების მეპატრონეებმა გასაღებები დაკარგეს ან დახლში ჰქონდათ შენახული და ხანძრის შედეგად ისინი განადგურდა.
”დარჩენილია 6 საცავი. რადგან საცავებში შენახული ძვირფასეულობის მეპატრონეებმა დაკარგეს საცავის გასაღები ან დახლში ჰქონდათ შენახული, ან ხანძრის შედეგად გაუნადგურდათ. ახლა მიმდინარეობს ამ საცავების დემონტაჟი. დღეს მუშაობა დასრულდება, ხოლო ხვალიდან დაიწყება იმ ადამიანების შეშვება „ოქროს სამყაროს“ ტერიტორიაზე, ვისაც დახლში ჰქონდა შენახული ძვირფასი ნივთები და ხანძარს გადაურჩა. შესაძლოა ეს ნივთები დაზიანებული იყოს, თუმცა, გამოდგება გადადნობისთვის ან სხვა დანიშნულებისთვის”, - განაცხადა ამირან მარიამიძემ. მისივე თქმით, ღამის განმავლობაში ტერიტორიის უსაფრთხოებაზე პოლიცია იზრუნებს.