”ბავშვთა სამყაროს” აქციონერთა ნაწილი დირექციას თანხების მითვისებაში ადანაშაულებს

ბავშვთა სამყაროს” აქციონერთა ნაწილი სააქციო საზოგადოების დირექციას თანხების მითვისებაში ადანაშაულებს.როგორც  ”ბავშვთა სამყაროს” აქციების 5-პროცენტიანი წილის მფლობელმა თენგიზ ლოლაძემ განაცხადა, სააქციო საზოგადოების დირექცია ხშირად არის შემჩნეული თანხების მითვისებაში, რის გამოც მათ საჩივარიც კი აქვთ შეტანილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ამასთან, როგორც ლოლაძე განმარტავს, სააქციო საზოგადოების დირექციას ”ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც სავარაუდოდ ხანძარი გაჩნდა, სურდა ახალი შენობის აშენება, თუმცა მას ამის უფლება სხვა აქციონერებმა არ მისცეს. აქედან გამომდინარე ”ბავშვთა სამყაროს” აქციების 5-პროცვენტიანი წილის მფლობელი თენგიზ ლოლაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ხანძრის გაჩენაც გარკვეული ჯგუფების მიერ იყოს მოწყობილი.

”მე პრეტენზია მაქვს დირექტორთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, რომლებიც განკარგავენ ორგანიზაციას. ვვარაუდობთ, რომ ნახევარზე მეტი შემოსავლები რაც შემოდის, იკარგება.

9 თვის მონაცემებით შემოსავალი იყო მილიონ ასი ათასი, თუმცა ანგარიშზე ჰქონდათ 300 ათასი. დანარჩენი ფული 800 ათასი სად წავიდა არ ვიცით. ამჟამად მოვითხოვთ, რომ შეამოწმონ საფინანსო პოლიციაში ჩვენი საჩივარი.

2015 წელს დირექტორმა წარმოადგინა მაკეტი, რომ აქ უნდა აეშენებინათ შენობა, თუმცა შეფარული იყო, თითქოს პარკინგები უნდა გაეკეთებინათ. ამით უნდოდათ კაპიტალი გაეზარდათ და დანარჩენი აქციონერების წილი გამხდარიყო ნული. მე საჩივარი მქონდა შეტანილი და ვაცხადებდით, რომ იმალებოდა შემოსავლები”, -განაცხადა თენგიზ ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, ”ბავშვთა სამყაროს” ერთ-ერთი აქციონერის გიორგი მაჭავარიანის დანაპირები, დაზარალებულ მოსახლეობაზე დივიდენდების განაწილების დაპირება არარეალურია. ლალიაშვილის განცხადებით, სააქციო საზოგადოებას სულ დაახლოებით 80-მდე აქციონერი ჰყავს.

სააქციო საზოგადოებასთან პრეტენზიები აქვთ სხვა აქციონერებსან. კიდევ ერთი აქციონერის, მაყვალა ომაძის თქმით, საზოგადოების დირექცია გარკვეულ ფინანსურ ოპერაციებს ატარებს ობშორში დარეგისტრირებული კომპანიით, შედეგად კი შემოსავლებს მალავს.

”რამდენი ხანძარიც დაფიქსირდა საქართველოს მასშტაბით, არც ერთის გამოძიება არ არის ბოლომდე მიყვანილი. ყველაზე მეტად მეშინია იმის, რომ ასე არ მოხდეს აქაც. არადა მე აქციონერი და 5 პროცენტის მფლობელი ვარ. თუ რამე მქონდა გაკეთებული 25 წლიდან აქ მქონდა ჩადებული და ახლა აღარაფერი მაქვს. დირექტორი, რომელიც გამოდის და ამბობს მეპატრონე ვარო, იმას 5 პროცენტიც არ აქვს. მსხვილი აქციონერი მოვიდა აქ, გაიარ-გამოიარა და შეჰპირდა ყველას, რომ ზარალს აგინაზღაურებთო. საიდან უნდა აუნაზღაუროს, არ ვიცი. საზოგადოება, როგორც ვიცი, ობშორშია გამორმებული ვინმე დიტო აბდუშელიშვილზე.

ფინანსურ პოლიციას აპრილიდან ჩვენი სარჩელი აქვს და დღემდე არ არის მოქმედებაში. ეს ეხება დირექციის საქმიანობას. ფინანსურ პოლიციაში გამომძიებელი არის ნიკა ნოზაძე”, - განაცხადა მაყვალა ომაძემ.