ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია „ჯი-დი ეს“-ი უკვე ოფიციალურად იყიდა ტელეკომპანია „იმედმა“.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოლაპარაკებები ამ თემაზე 27 იანვარს დასრულდა და შედეგად, GDS-ს მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია“. მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძეა.
თავის მხრივ, შ.პ.ს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ტელეკომპანია „იმედს“ ფლობს.
ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „იმედი“ GDS-სა და „მაესტროს“ შეძენას აპირებდა. იმავე პერიოდში ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის შეძენაზე შეთანხმება უკვე გასული წლის მიწურულს იყო მიღწეული, GDS-თან კი დასკვნით ფაზაში იყო შესული. მათივე ცნობით, ამ სამი ტელეკომპანიის გაერთიანებით მედიაჰოლდინგის შექმნა იგეგმებოდა.