„მერსედეს-ბენცის“ მწარმოებელი გერმანული კომპანია Daimler-ი და კომპანია Uber-ი შეთანხმდნენ ტაქსის გამოძახების ონლაინ მომსახურებისთვის უპილოტო ავტომობილების წარმოებაზე.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, კონკრეტულად როდის დაიწყება Uber-ის მხრიდან უპილოტო ავტომობილების სერვისის ამოქმედება, უცნობია. ასევე უცნობია შეთანხმების ფინანსური მხარეც, ვინაიდან ის შეიძლება შეიცვალოს ბაზარზე თვითმართვად ავტომობილებზე მოთხოვნის შესაბამისად.
„თანამშრომლობა ისეთ ავტომწარმოებელთან, როგორიც „დაიმლერია“, ჩვენი კომპანიის სტრატეგიულ გასაღებს წარმოადგენს, რადგან ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება ავტომობილების წარმოებაში“ - დაწერა საკუთარ ბლოგზე Uber-ის დამაარსებელმა, ტრევის კალანიკმა.
ცნობისათვის, Uber ამ ეტაპზე ამერიკის სხვადასხვა ქალაქში Ford-ისა და Volvo-ს რამდენიმე უპილოტო ავტომობილს ცდის. შეთანხმების თანახმად, Daimler-საც შეუძლია უპილოტო ავტომობილების წარმოება სხვა კომპანიებისთვის.
კოკა კვირკველია