2016 წელს პირველად საქართველომ ორ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია - საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა და შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა , - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ სასტუმრო „რედისონში“ განაცხადა, სადაც მან ტურიზმის კერძო სექტორსა და მედიას 2016 წლის ანგარიში წარუდგინა.
გიორგი ჩოგოვაძემ 2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
“წარმატებულად ვაფასებთ განვლილ 2016 წელს და ამას პირველ რიგში, რეკორდული ოფიციალური სტატისტიკა და მონაცემები ადასტურებს. წელს პირველად საქართველომ ორ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა და ასევე პირველად შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმდჯომარემ.
მისივე თქმით, 2016 წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 6,350,825 შეადგინა, რაც 449,731-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +7.6%).
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,714,773 შეადგინა, რაც 432,802-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე (ზრდა +19%).
მისივე თქმით, მთელი წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაერთი ღონისძიება ჩაატარა, რომელიც სწორედ ტურისტების მოზიდვაზე იყო ორიენტირებული, მათ შორის იყო ზაფხულისა და ზამთრის აქტიური მარკეტინგული კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
„გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველომ საერთაშორისო მედიის 600-მდე წარმომადგენელს უმასპინძლა, რომლებმაც მოამზადეს სიუჟეტები, გადაცემები, დოკუმენტური ფილმები, სტატიები და ბლოგები ქვეყნის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ცნობადობის გაზრდას და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.
რაც შეეხება სხვა პროექტებსა და ღონისძიებებს, გიორგი ჩოგოვაძის თქმით, 2016 წელს საქართველომ უმასპინძლა პირველ საერთაშორისო ღვინის კონფერენციას, რომელიც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ჩაატარა.
„ხაზგასასმელია, რომ ამ ტიპის კონფერენცია პირველად ჩატარდა და ისიც საქართველოში. კონფერენციას 250 ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, 2016 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, მნიშვნელოვანია ის, რომ სრულად ადაპტირდა მცხეთა შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთათვის, ისტორიულ ძეგლებთან დამონტაჟდა პანდუსები, მოეწყო ინფრასტრუქტურა უსინათლოებისთვის.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, გაგრძელდა პროექტები, რომელიც შიდა ტურიზმის განვითარების უწყობს ხელს, მათ შორის კამპანია „გაიცანი საქართველო“.
„2016 წელს ტურიზმის ადმინისტრაციის ფარგლებში ოფიციალური ფუნქციონირება დაიწყო საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, რომლის მიზანიც საქმიანი ტურიზმის განვითარებისა და სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობაა“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.
2016 წლის ანგარიშის წარდგენას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ტურისტული, ავიაკომპანიებისა და სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ. ამასთან, ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.