საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის აზრით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დაწესების ან გაზრდის მიზნით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა და კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლის შეტანა არასწორი იყო , მაგრამ მისივე თქმით, ახლა აღნიშნული მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება და ”ეკონომიკური თავისუფლების აქტის” გაუქმება ინვესტორებისათვის არასწორი სიგნალის მიმცემი შეიძლება აღმოჩნდეს.
”თავის დროზე ეს იყო ჩემი აზრით, არასწორი ნაბიჯი. არ შეიძლება რეფერენდუმზე გამოიტანო გადასახადების საკითხები, რადგან ჩვენ არ ვართ შვეიცარია. თავის დროზე ამის შეტანა არასწორი იყო, მაგრამ ახლა ამ მუხლის ამოღება კონსტიტუციიდან და ეკონომიკური თავისუფლების აქტის გაუქმება შეიძლება არასწორი სიგნალი იყოს ინვესტორებისთვის. მე მესმის ის მოთხოვნა, რაც დაყენებულია ”სოციალისტების” მიერ, მაგრამ თუ გვინდა, რომ მეტი სოციალური შემწეობა გვქონდეს, მეტი ჯანდაცვა გვქონდეს, მეტი შემოსავალი სჭირდება სახელმწიფოს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატები“ საქართველოს კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღების ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვით, ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღება ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდა მთავრობის მიერ დანიშნული რეფერენდუმით არის შესაძლებელი. მათივე აზრით, შესაბამისი ცვლილებები “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონშიც უნდა განხორციელდეს.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი წინადადებით ფრაქციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას უკვე მიმართა.