ხვალიდან დაიწყება შენობის დემონტაჟი, რის შემდეგაც მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, შენობის ტერიტორიაზე შევიდნენ და საკუთარი ძვირფასი ნივთები მოძებნონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ოქროს სამყაროს“ კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ ხვალ იქნება ექსპერტების წერილობითი დასკვნა, რომელსაც წარადგენენ მერიაში, რათა შენობის დემონტაჟი მოხდეს. მისივე თქმით, თბილისის მერიაში შეხვედრა ჩანიშნულია.
„მე ველაპარაკე „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს გიორგი მაჭავარიანს, რომელიც ამჟამად თბილისის მერიაში იმყოფება. მას შემდეგ, რაც ექსპერტები დადებენ წერილობით დასკვნას იმის შესახებ, რომ შენობაში ამ ვითარებაში შესვლა არ შეიძლება, მაჭავარიანი წაიღებს დასკვნას მერიაში, სადაც შეხვედრა უკვე შეთანხმებულია, ხოლო თბილისის მერია მისცემს იმის უფლებას, რომ დაიწყონ შენობის დემონტაჟი. შენობის დემონტაჟი ზუსტად იმ ადგილიდან დაიწყება, სადაც მოვაჭრეების ძვირფასი ნივთებია მიმოფანტული. ამის შემდეგ მოვაჭრეებს შეეძლებათ ეტაპობრივად შესვლა და საკუთარი ძვირფასეულობის მოძებნა“, - განაცხადა ამირან მარიამიძემ.
ამირან მარიამიძემ „ბავშვთა სამყაროსთან“ შეკრებილ მოვაჭერეებსაც მიმართა და დაშლისკენ მოუწოდა. „დღეს ტყუილად ვდგავართ აქ. ადგილზე მობილიზებულია დაცვა, რომელიც ტერიტორიას იცავს, ასე რომ, საშიში არაფერია და შეგიძლიათ სახლში წაბრძანდეთ. ხვალ შეგიძლიათ მოხვიდეთ, დაესწროთ დემონტაჟს და როდესაც უსაფრთხო იქნება შესვლა, ეტაპობრივად შეხვიდეთ საკუთარ ნივთებთან“, - განაცხადა ამირან მარიამიძემ.
მისი ამ განცხადების შემდეგ მოვაჭრეთა ნაწილმა, რომელთა ძვირფასეულობა კვლავ „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნანგრევებშია მოყოლილი, ტერიტორია დატოვა, მოვაჭრეების ნაწილი კი აცხადებს, რომ ისინი წასვლას არ აპირებენ.