სს ,,ფოთის აეროპორტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. გაკოტრების მმართველად კი „აღსრულების ეროვნული ბიურო“ დაინიშნა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 16 იანვარს მიიღო. გამოქვეყნებით კი 31 იანვარს გამოქვეყნდა.
ფოთის აეროპორტის მფლობელი არაბული კომპანია „რას ალ ხაიმა“ იყო, რომელსაც აეროპორტი უნდა განევითარებინა. თუმცა გასული წლის სექტემბერში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ინვესტორისთვის ფოთის აეროპორტის 98.26%-იანი წილის მიყიდვის ხელშეკრულება შეწყდა.
ფოთში აეროპორტის პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეფასებით, პროექტი გაუმართლებლად შეფასდა. მეტიც, მოქმედმა ხელისუფლებამ აეროპორტის მშენებლობა ფოთის ნაცვლად ანაკლიაში დააანონსა.