კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიიჩნევს, რომ შპს „მობიტელი“ („ბილაინი“) დღეის მდგომარეობით სატენდერო პირობებს 3G/UMTS ტექნოლოგიით მომსახურების ნაწილში ვერ აკმაყოფილებს , - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა განაცხადა.
როგორც ხატია ყურაშვილმა აღნიშნა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის პირობების შესახებ წერილი სამივე მობილურ ოპერატორს გაუგზავნა.
„კომისია, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, უზრუნველყოფს ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროების ზედამხედველობას, კონკურენტულ და სამართლიან გარემოს ამ სფეროებში ავტორიზებული პირებისთვის და ლიცენზიის მფლობელებისთვის. კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კვლევა-ანალიზის საფუძველზე ავლენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს და უწესებს მათ სპეციფიურ ვალდებულებებს, მათ შორის სატარიფო რეგულაციას, დისკრიმინაციის და სუბსიდირების აკრძალვის ვალდებულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებად ცნობილ კომპანიებს შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“ მიმართა წერილობით და განუმარტა, რომ მათ მიერ აღნიშნული ტენდერით დადგენილი პირობებით ფიჭური სატელეფონო მომსახურების მომხმარებლებისთვის მიწოდების შემთხვევაში, კომისია შეისწავლის კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით წინასწარი რეგულირების ფარგლებში მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესაძლო დარღვევის საკითხს, შემდგომი განხილვისა და კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების მიზნით", - განაცხადა ყურაშვილმა.
როგორც ხატია ყურაშვილმა აღნიშნა, კომისიას, როგორც დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მხოლოდ რეკომენდაციის გაწევის და მოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდების უფლებამოსილება გააჩნია.
როგორც მან აღნიშნა, კომისიამ მიმდინარე წლის პირველ თებერვალს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე შეისწავლა შპს „მობიტელის“ ქსელში 3G/UMTS ტექნოლოგიით დაფარვის არეალი დრაივ-ტესტის საფუძველზე, რომელმაც 260 კმ მოიცვა (ქ.თბილისი, ქ. გორი, ქ. რუსთავი და ამ ქალაქების დამაკავშირებელი მაგისტრალები) და დაადგინა, რომ შპს „მობიტელის“ ქსელი 3G/UMTS ტექნოლოგიით აღნიშნულ ზონებში არ ფუნქციონირებს.
„შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაეგზავნა პასუხი, რომ კომისიის აზრით, შპს „მობიტელი“ დღეის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს 3G/UMTS ტექნოლოგიით მომსახურების ნაწილში“, - განაცხადა ყურაშვილმა.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში განაცხადი მხოლოდ ”ბილაინმა” შეიტანა. კომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი ტყეშელაშვილის თქმით, ”ბილაინი” ტენდერში მოთხოვნილ ყველა პირობას აკმაყოფილებს.