„ბილაინმა“ სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში ვერ გაიმარჯვა

შპს „მობიტელმა“ („ბილაინი“) სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში ვერ გაიმარჯვა.

ტენდერის შედეგი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ვებგვერდზე მითითებულია, რომ შპს „მობიტელის“ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მოხდა.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში განაცხადი მხოლოდ ”ბილაინმა” შეიტანა. კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი დღეს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, რომ ”ბილაინი” ტენდერში მოთხოვნილ ყველა პირობას აკმაყოფილებს.

თავის მხრივ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ამცნო, რომ კომისიის აზრით, შპს „მობიტელი“ დღეის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს 3G/UMTS ტექნოლოგიით მომსახურების ნაწილში.