დღეიდან საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, უმცროს ბორჯღალოსნებს შვიდკაცასა და შვიდქალას რაგბის სამყაროში ყველაზე გამორჩეული სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი „ქენთებრი“ (Canterbury) შემოსავს.დღეს, ახალი მაისურის პრეზენტაციის ღონისძიებაზე, საქართველოს რაგბის კავშირსა და „ქენთებრის“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კვართი ბორჯღალოსნებმა მამუკა გორგოძემ, ლაშა ხმალაძემ და დავით კაჭარავამ წარმოადგინეს. ბორჯღალოსნების ახალი კვართი „ქენთებრის“ უახლოესი ტექნოლოგიით არის დამზადებული.
როგორც რაგბის კავშირში აცხადებენ, მაისურზე გამოსახულია ქართული რაგბის სიმბოლო ბორჯღალი და „თი-ბი-სი“ ბანკის ლოგოები. კვართის ზურგზე ტრადიციულად გამოსახულია ვაზი. „ჩვენი ბრენდი ძველთაგანვე ოვალურ ბურთთანაა ასოცირებული. ამდენად ჩვენთვის დიდი პატივია რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ძალასთან დამეგობრება. იმედია, უკეთესი აღჭურვილობა ქართული რაგბის წინსვლას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა „ქენთებრის“ სტრატეგიული პარტნიორების მენეჯერმა დომინიკ მაქართიმ.
საქართველოს რაგბის კავშირმა და „ქენთებრიმ“ იმუშავეს ერთობლივად იმაზე, რომ მაისური საქართველოს ტრადიციებთან ყოფილიყო ახლოს. შედეგად შეიქმნა სრულიად განსხვავებული და ახალი ღვინის ფერის კვართები.
„საქართველოს რაგბის კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული რაგბის იდენტობის განმსაზღვრელ კომპონენტებს. ასეთ ელემენტებად უკვე დამკვიდრდა ბორჯღალი და ვაზის ლერწი. რაც შეეხება ფერებს, ჩვენი ნაკრები აქამდე ასპარეზობდა შინდისფერი, წითელი, შავი და თეთრი კვართებით, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფერი ორგანულად იქნება აღქმული ქომაგების მიერ და მომავალში ღვინის ფერი ასოცირებული გახდება ახალ წარმატებებთან“, - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.
მეორე ალტერნატიული ფერი მაისურის არის თეთრი. ახალი ფორმებით ბორჯღალოსნები 2017 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის სტარტზე 11 თებერვალს ბელგიაში ითამაშებენ.
დღევანდელ ღონისძიებაზე მოეწყო რაგბის კავშირის პირველი ოფიციალური ონლაინ-მაღაზიის პრეზენტაციაც. გულშემატკივრები ახალი კვართების საქომაგოდ და ყოველდღიური აქსესუარების შეძენას ნებისმიერ დროს ონლაინ-რეჟიმში შეძლებენ ვებ-გვერდზე http://www.rugbystore.ge/
ინტერნეტ-მაღაზია რაგბის გენერალური სპორნსორის, „თი-ბი-სი“ ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა. მაღაზიაში გულშემატკივრები ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ ექსკლუზიურ სარაგბო კოლექციასაც შეიძენენ. მათ შორის, მაისურებს, მორაგბეთა ავტოგრაფებიან ბურთებს და სხვ.
„ძალიან ღირსშესანიშნავი დღეა. დღეს გაიმართა ბორჯღალოსნების ახალი კვართის, ასევე რაგბის პირველი ონლაინ-მაღაზიის პრეზენტაცია, რაგბის ონლაინ-მაღაზია რაგბის კავშირთან პარტნიორობით შეიქმნა და ის პირველი ონლაინ-მაღაზიაა, რომელიც მთლითანად რაგბს ეთმობა. აქ ყველასთვის მოიძებნება საინტერესო პროდუქცია, მათ შორის, ყველაზე პატარებისთვისაც. იქნება ექსკლუზიური კოლექციებიც, რომლებსაც სპეციალურად რაგბის ონლაინ-მაღაზიისთვის შექმნიან ქართველი დიზაინერები“, - განაცხადა „თი-ბი-სი“ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა.
ონლაინ-მაღაზიაში სარაგბო ნივთების შეძენა დღეიდან უკვე შესაძლებელია.