“ჯეოსელი” განმარტავს, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში

კომპანია “ჯეოსელი” განმარტავს, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერში. "ბიზნესპრესნიუსი" „ჯეოსელის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებიდან ერთი დღის ვადაში მივიღეთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილი. გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული წერილიდან:

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ცნობილი გახდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის პირობების შესახებ. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ აღნიშნული ტენდერით დადგენილი პირობებით ფიჭური სატელეფონო მომსახურების მომხმარებლებისთვის მიწოდების შემთხვევაში, კომისია შეისწავლის კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით წინასწარი რეგულირების ფარგლებში თქვენზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების, მათ შორის, სატარიფო რეგულირების, დისკრიმინაციის და სუბსიდირების აკრძალვის ვალდებულებების შესაძლო დარღვევის საკითხს, შემდგომი განხილვისა და კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“

ვინაიდან, დროის სიმცირის გამო (კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდა 26 იანვარს, საღამოს, ხოლო სატენდერო წინადედების შეტანის ბოლო ვადა იყო 30 იანვარს, დღის პირველ საათამდე) “ჯეოსელი” სრულყოფილად ვერ მოახერხდებდა კომისიის გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის შესაძლო შედეგების განსაზღვრას, კომპანიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, საკითხის დეტალურად გარკვევამდე თავი შეეკავებინა ტენდერში მონაწილეობის მიღებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.