ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო.
შეხვედრაზე საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა განიხილეს, ასევე სფეროში მომუშავე კომპანიების წინაშე მდგარი პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებებზე ისაუბრეს. შეხვედრას ასევე ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და „ოუფენ ნეტის“ დირექტორი ნინო ქუბინიძე ესწრებოდნენ.
„ტელეკომუნიკაციების სფეროში ასეთი სახის ღონისძიება პირველად ჩატარდა, სადაც ყველა ოპერატორს საშუალება მიეცა დაეფიქსირებინა საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და რეკომენდაციები“, - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, სამინისტროს ასეთი სახის სამუშაო შეხვედრების გამართვა დაგეგმილი აქვს პერმანენტულად, რათა სატელეკომუნიკაციო სფეროში მომუშავე კომპანიების ინტერესები და ხედვები მაქსიმალურად იქნეს გაზიარებული. აღნიშნული, საბოლოო ჯამში, სფეროს შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.