„კანონპროექტის მიხედვით, გაუქმდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურა და დარჩება მხოლოდ ელექტრონული ტენდერი“
შესაძლოა, საქართველოში ელექტრონული ტენდერების ჩატარების პროცედურა სულ მალე შეიცვალოს. მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შესყიდვების შესახებ კანონში შესატან ორ ძირითად ცვლილებას გულისხმობს. ცვლილებების თანახმად, გაუქმდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურა და დარჩება მხოლოდ ელექტრონული ტენდერი, რომლის ვადები გაიზრდება და დამოკიდებული იქნება შესყიდვის ღირებულებაზე. გარდა ამისა, შეიცვლება დავების საბჭოში გასაჩივრების პროცედურაც: დავების განხილვის პროცესში დამკვიდრდება „დაინტერესებული მხარის“ ცნება. საჩივრის წარდგენის საფასური კი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2% იქნება, ოღონდ, არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. აღსანიშნავია, რომ IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ტენდერების უმეტესობა - 70%-ზე მეტი - ბოლო წლებში სწორედ გამარტივებული ელექტრონული პროცედურით ტარდებოდა და მათი დიდი ნაწილი - 31% უშედეგოდ მთავრდებოდა. თუ გადავხედავთ ტენდერების რაოდენობას პროცედურის მიხედვით, ბოლო სამი წლის მონაცემები ასე გამოიყურება: 2013 წელი - 20 091 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და 8 445 ჩვეულებრივი ელექტრონული ტენდერები; 2014 წელი - 21 135 გამარტივებული ტენდერი და 9 280 ჩვეულებრივი; 2015 წელი 25 380 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და 10 041 ჩვეულებრივი ელექტრონული ტენდერი.
ყოფილი პარლამენტარი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, თემურ მაისურაძე ტენდერებში არსებულ ხარვეზებს საგანგებოდ სწავლობდა და ამ თემას საკმაოდ კარგად იცნობს. მას ამ ცვლილებების შეფასება ვთხოვეთ:
თემურ მაისურაძე - წინა მოწვევის პარლამენტში საქმიანობის დროს მედიასთან არაერთხელ მისაუბრია ტენდერების ჩატარებისას არსებულ ხარვეზებზე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ამ პროცედურას დახვეწა სჭირდებოდა. ბოლო წლებში მოქმედი კანონმდებლობით, შემსყიდველ ორგანიზაციებს 200 ათას ლარამდე ღირებულების ტენდერის გამარტივებული წესით ჩატარების უფლება ჰქონდათ. ტენდერში მონაწილეობისთვის კი პოტენციურ მომწოდებლებს სამდღიანი ვადა ჰქონდათ მიცემული. ეს იყო მინიმალური ვადა, რომელიც იმდენად მოკლეა, რომ ამ ხნის განმავლობაში ნებისმიერ კომპანიას გაუჭირდება სათანადო დოკუმენტაციის მომზადება, ამიტომ, გამარტივებული ტენდერის მიმდინარეობა არც თუ იშვიათად კორუფციულ რისკებს წარმოშობდა.
-ბატონო თემურ, რა შეიცვლება, როდესაც პარლამენტი ახალ კანონპროექტს დაამტკიცებს?
-ამ კანონპროექტის მიხედვით, დროის მინიმალური ვადა 7 დღე იქნება და რაც უფრო მეტი ღირებულებისა იქნება ტენდერი, მით უფრო გაიზრდება ეს ვადაც. ამით ალბათობა იმისა, რომ ტენდერი იმ კომპანიებმა მოიგონ, რომლებსაც ინფორმაცია წინასწარ აქვთ, მინიმუმამდე შემცირდება. სამი დღე ძალიან ცოტა იყო და მე მხოლოდ მივესალმები, თუ მინიმალური ვადა შვიდი დღით შეიცვლება.
- გარდა კორუფციის რისკისა, კიდევ რა სირთულეებს წარმოშობდა ეს ვადა ანუ სამი დღე?
- სამ დღეში ვერც ერთი კომპანია ვერ შეძლებს ტენდერისთვის სრულყოფილად მოემზადოს, შეძლებს მხოლოდ ის, რომელიც ყველაფერზე წინასწარ არის ინფორმირებული. სწორედ ამიტომ, ტენდერში გამარჯვება არ ნიშნავდა, რომ კომპანია მზად იყო ტენდერის პირობების შესასრულებლად. ამიტომ, ეს კომპანიები წლების განმავლობაში სათანადოდ ვერ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და მათ მიერ ჩატარებული სამუშაო ხშირად უხარისხო იყო. მე ამ საკითხზე არაერთხელ მქონია საუბარი სხვადასხვა ეკონომიკურ გამოცემასთან, მათ შორის, თქვენთანაც. ტენდერში მონაწილე კომპანია ბოლომდე უნდა იყოს გარკვეული და კარგად იცოდეს რას ითხოვს მისგან დამკვეთი. სხვათა შორის, ჯერ კიდევ არსებულ კანომდებლობაში კიდევ ერთი რისკი იმალება: შემსყიდველ ორგანიზაციებს 200 ათას ლარამდე ღირებულების ტენდერის გამარტივებული წესით ჩატარების უფლება აქვთ. ხომ შეიძლება ასეთ დროს ვიღაც მოხერხებულმა 400 ათასი ლარი ორ ნაწილად გაყოს და ორი გამარტივებული ტენდერი გამოაცხადოს? თავისუფლად შეიძლება, რომ ამით ერთდროულად ორმა, ან სამმა კომპანიამ ისარგებლოს - ასეთი რისკი მართლაც არსებობს.
- წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით იცვლება დავების საბჭოს მოქმედების წესიც. ეს ცვლილებაც გარკვეულ რისკს ხომ არ შეიცავს?
-დიახ, ეს წესიც იცვლება. შემოდის „დაინტერესებული პირის“ ცნება. რა თქმა უნდა, დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მიიღოს ინფორმაცია, ან გაასაჩივროს ტენდერის შედეგი. მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ შესაცვლელი ბევრი არაფერია: ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, შეეკამათოს და შეედავოს, თუ ტენდერის მიმდინარეობა და შედეგი არ მოსწონს. მიდგომა, რომ დავების ნაწილში მოდავე მხარეები უნდა შევზღუდოთ, სწორი არ არის. თუ დავებზე განაცხადების მიღება ხელოვნურად შეიზღუდება, ეს უკანონო ქმედებებს შეუწყობს ხელს, რადგან მეორე მხარეს არ ექნება საშუალება ესა თუ ის საკითხი გაასაჩივროს, მაგრამ ვიღაცის სუბიექტური აზრი, რომ ტენდერში უსამართლოდ დამარცხდა, არ უნდა გახდეს საჩივრის საფუძველი. მან უნდა დაასაბუთოს, რა არის საეჭვო და რა - არა. რა თქმა უნდა, დაინტერესებულ თუ არადაინტერესებულ მხარეს დამტკიცება უნდა შეეძლოს, თუ მიაჩნია, რომ ესა თუ ის ტენდერი არამართლზომიერად ჩატარდა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მყარი არგუმენტების საფუძველზე. მოდავე არ უნდა შეზღუდო, მაგრამ რეგულაციები ისე უნდა დაალაგო, რომ დავა სამართლიანი იყოს. სხვა ნიუანსები ალბათ პარლამენტში, კანონპროექტზე მსჯელობის დროს გამოიკვეთება და ამის თაობაზე დაინტერესებული საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს.
ხათუნა ჩიგოგიძე