ლუდის წარმოებაც და რეალიზაციაც მკვეთრად შემცირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროდუქციის გაყიდვამ დაახლოებით 15%-ით დაიკლო. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, თავის დროზე ლუდის ბიზნესზე უარყოფითი გავლენა აქციზის გადასახადის გაძვირებამ გამოიწვია, რასაც ლარის გაუფასურებაც დაემატა. სპეციალისტების ვარაუდით, წელს პრობლემა მოსალოდნელია თამბაქოსა და საწვავის ბიზნესშიც, რადგან აქციზის გაძვირება უარყოფით გავლენას ამ სექტორშიც მოახდენს.
ნოემბრიდან მოყოლებული, საწვავის ფასი 45-50 თეთრით გაიზარდა. 30-40 თეთრით მოიმატა თამბაქოს ფასმაც, რაც რეალიზაციას უკვე დაეტყო. უფრო ადრე დიდი დანაკარგი იწვნია ლუდის ბიზნესმა. მწარმოებლების ინფორმაციით, ლარის გაუფასურებამ საგრძნობლად გააძვირა ნედლეული, რასაც ზედ აქციზის გაძვირება დაერთო. ამ დროს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაეცა, ამიტომ ბიზნესმენები ვეღარც პროდუქციას აძვირებენ.
კომპანია "ყაზბეგის" დამფუძნებელი გოგი თოფაძე ამბობს, რომ ლუდის რეალიზაციის შემცირება მოსალოდნელი იყო.
"ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა პროცესებმა, ლუდის ბიზნესზე ძალიან ცუდად იმოქმედა. მას წინ უძღოდა აქციზის განაკვეთის ზრდა, რის გამოც პროდუქტის ფასმა მოიმატა. როდესაც გადასახადი მატულობს, პროდუქტი ძვირდება და რეალიზაცია იკლებს - ეს აქსიომაა. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა იმდენად დაბალია, რომ ბუნებრივია, რეალიზაცია უნდა შემცირებულიყო.
ლარის კურსსაც თუ გავითვალისწინებთ, მთლიანობაში, ბიზნესი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. წარმოებისათვის ნედლეულს ვყიდულობთ უცხოეთში დოლარსა და ევროში. აქედან გამომდინარე, ხარჯი გაიზარდა. სანამ ლარი არ გამყარდება, არაფერი გვეშველება. საშუალოდ 15%-ით შეგვიმცირდა როგორც რეალიზაცია, ასევე წარმოებაც. გაზაფხულიდან დაიწყება სეზონი, იმედია, მდგომარეობა გამოსწორდება, ჯერჯერობით, პრობლემასთან გამკლავება გვიჭირს", - აცხადებს თოფაძე.
ანალოგიური მდგომარეობაა "ზედაზენშიც", რომელიც ლუდის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია ქვეყანაში. კომპანიის დამაფუძნებელი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი "რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, რომ წარმოებაც და პროდუქტის რეალიზაციაც საგრძნობლად შემცირდა.
"2015 წლის მარტიდან მოყოლებული, რაც აქციზის გადასახადი დაწესდა, გაყიდვა შეგვიმცირდა. იძულებული გავხდით, პროდუქტი გაგვეძვირებინა, სხვა გამოსავალი არ იყო. ამან რეალიზაციაზე ცუდად იმოქმედა. წარმოებაც და მოთხოვნაც 15%-ით არის შემცირებული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ლარის სტაბილურობაა, როგორმე უნდა გამყარდეს ჩვენი ვალუტა და მთავრობასთან კონსულტაციები გავმართოთ. შარშან აქციზის გადასახადის გაუქმებას ვითხოვდით, მაგრამ წელს ამას აზრი არ აქვს, რადგან გადასახადი სხვებსაც გაუზარდეს და მთავრობა მიდგომას ასე მარტივად არ შეცვლის. არა გვგონია, აქციზის შემცირებაზე საუბარმა რამე შედეგი გამოიღოს, უბრალოდ, უნდა მოიძებნოს სხვა გამოსავალი, რათა ბიზნესი არ ჩავარდეს და რეალიზაციის გაუმჯობესება შევძლოთ", - აცხადებს ჩოჩელი.
ლუდის ბაზარი არ იქნება ერთადერთი, რომელსაც პრობლემა მთავრობის არასწორი საგადასახადო პოლიტიკის გამო შეექმნა. მის ბედს, სავარაუდოდ, საწვავისა და თამბაქოს ბიზნესიც გაიზიარებს, სადაც წელი რეალიზაციის კლებით დაიწყო.
როგორც აფბა-ს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი განმარტავს, თამბაქოსა და საწვავის გაძვირებამ განსაკუთრებით მომხმარებელი დააზარალა.
"ხელისუფლებამ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის დაწესება გაამართლა იმ ლოგიკით, რომ ეს ცვლილება მოხმარებას შეამცირებდა. ეს შეგნებულად გაკეთდა, მაგრამ სინამდვილეში სხვა შედეგი მივიღეთ. შემცირდა ძვირადღირებული სიგარეტის რეალიზაცია, რადგან მომხმარებელი იაფ ნაწარმზე გადავიდა, ანუ შეიცვალა სეგმენტი. საბოლოოდ მომხმარებელი დაზარალდა, თუმცა არც ბიზნესი აღმოჩნდა უკეთეს სიტუაციაში, სადაც ძვირიანი ნაწარმის გაყიდვამ იკლო.
საწვავის ბიზნესი ამ მხრივ უკეთეს მდგომრებაშია, რადგან ისედაც გაბერილი ფასებია. შეიძლება, კლებაა პირდაპირი მოხმარების თვალსაზრისით, მაგრამ ნავთობპროდუქტების ბიზნესში არ გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რა პრობლემაც, ვთქვათ, ლუდის ბაზარზეა. ყველა შემთხვევაში მომხმარებელი ზარალდება", - აცხადებს ბაირახტარი.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"