"ბილაინი" ვერ აკმაყოფილებდა იმ მონაცემებს, რომელიც 2017-2018 წლების ფიჭური კავშირგაბმულობის კონსოლიდირებული ტენდერით იყო გამოცხადებული , - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, „ბილაინთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება სააგენტოს არ მიუღია და ის ამ პროცესში მხოლოდ სამდივნოს როლს ასრულებდა.
"ეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ გაუკეთებია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ასრულებს მხოლოდ სამდივნოს როლს იმ სამთავრობო კომისიის, რომელიც შექმნილია კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში. მე, როგორც კომისიის ერთ-ერთ წევრს მინდა განვმარტო, რომ "ბილაინი" ვერ აკმაყოფილებდა იმ მონაცემებს, რომელიც 2017-2018 წლების ფიჭური კავშირგაბმულობის კონსოლიდირებული ტენდერით იყო გამოცხადებული. ეს დადასტურებულია დოკუმენტებით - მას არ გააჩნდა იმ პარამეტრების შესაბამისი 3G ინტერნეტით დაფარვა, რა პარამეტრებიც იყო დოკუმენტაციაში. ლიცენზიის მიღება არ ნიშნავს, რომ დაფარვა ხდება იმ მოთხოვნების შესაბამისად, რა მოთხოვნებიც იყო კონსოლიდირებულ ტენდერში", - განაცხადა რაზმაძემ.
მისივე თქმით, გამოცხადდება ახალი ტენდერი, მაგრამ როდის, კონკრეტული თარიღი ცნობილი არაა.
"კონსოლიდირებული ტენდერი კონკრეტულ ვადებს არ იცნობს. როგორც კი გადაწყვეტს შესაბამისი სამთავრობო კომისია გამოცხადებას, ინფორმაცია დაიდება ჩვენს ვებ-გვერდზე ისევე გამჭვირვალედ, როგორც ამ ტენდერის შემთხვევაში მოხდა",-განაცხადა რაზმაძემ.
შპს „მობიტელმა“ („ბილაინი“) სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში ვერ გაიმარჯვა.
ტენდერის შედეგი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ვებგვერდზე მითითებულია, რომ შპს „მობიტელის“ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მოხდა.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში განაცხადი მხოლოდ ”ბილაინმა” შეიტანა. კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი დღეს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, რომ ”ბილაინი” ტენდერში მოთხოვნილ ყველა პირობას აკმაყოფილებს.
თავის მხრივ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ამცნო, რომ კომისიის აზრით, შპს „მობიტელი“ დღეის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს 3G/UMTS ტექნოლოგიით მომსახურების ნაწილში.