გიორგი გახარია - მთავრობას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება იმის განსასაზღვრად, რა ფორმით დაეხმაროს დაზარალებულ მოვაჭრეებს

ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიას აზრით, მთავრობას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება იმის განსასაზღვრად, რა ფორმით უნდა დაეხმაროს „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულებს. როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფინანსთა სამინისტრო და თბილისის მერია დეტალურად სწავლობს არსებულ მდგომარეობას.

„პირველ რიგში უნდა მოხდეს აღრიცხვა და დაფიქსირება იმ ზარალის, რომელიც არსებობს. ჩვენ უკვე დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია სადაზღვევო კომპანიებთან, რადგანაც შემდგომი მსგავსი მოვლენებისგან მაქსიმალურად დავაზღვიოთ ჩვენი კომპანიების, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები თუ ინდმეწარმეები. დღეს ის განწყობა, სურვილი, რომ მთავრობა ამ ხალხს რაიმე ფორმით უნდა დაეხმაროს, რა თქმა უნდა, არსებობს. რა ფორმით იქნება ეს დახმარება, ვფიქრობ, ამას დასჭირდება დაახლოებით 10 დღე, ორი კვირა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.