სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პრეზენტირებული იყო ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის დებულებები.
აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტს წარედგინა. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ როგორც საკანონმდებლო სიახლეებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლიდან, ყოველ ორ კვირაში ერთხელ შეხვედრები ჰქონდა და სწორედ ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ის რიგი საკითხები, რომლებიც შეიტანეს როგორც კანონქვემდებარე აქტებში, ისე რეკომენდაციის სახით ცვლილებები კანონმდებლობაში.
”2016 წლიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გადაწყვიტა, რომ ბიზნესთან ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჰქონოდა შეხვედრები. ზუსტად ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ის რიგითი საკითხები, რომლებიც ჩვენ შემდგომ გავიარეთ და შევიტანეთ როგორც კანონქვემდებარე აქტებში, ისე რეკომენდაციების სახით ცვლილებები ჩვენს კანონმდებლობაში და ამით ბიზნესს უფრო მეტი საშუალება მივეცით მოქნილობის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ”, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაიმართა.
”დღევანდელი შეხვედრა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაიმართა, რომ კიდევ ერთხელ ავუხსნათ ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში ცვლილებების შესახებ, თორემ ამ კანონთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა გვქონდა როგორც შემსყიდველებთან, ისე ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათთვის კარგად არის ცნობილი აქ შეტანილი ცვლილებების სიკეთე და ის მოქნილობაც, რომელიც მათ ადგებათ სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეობის პროცესში”, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.
მან ასევე კანონში ცვლილებებზეც ისაუბრა.
”ჩვენ DCFTA-ის ფარგლებში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვევალება რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოოთ ევროპულ კანონმდებლობას. აქედან გამომდინარე გამარტივებული ელექტრონული შესყიდვა, როგორც შესყიდვის ერთ-ერთი ფორმა ამოღებულია ამ ჩამონათვლიდან, გაზრდილია ვადები და თანხა ტენდერების, მაგრამ დაახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან”, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.
მისი თქმით, ცვლილება იქნება გასაჩივრების საკითხშიც.
”ჩვენ მივეცით საშუალება გასაჩივრების პირველ ეტაპზე, რომ გაასაჩივრონ და თუ რაიმე დისკრიმინაციულ ჩანაწერს ნახავენ, მაშინვე დააფიქსირონ პოზიცია. ხოლო მეორე, შერჩევა-შეფასების ეტაპზე შემოვიღეთ დაინტერესებული მხარის ინსტიტუტი. დავები გადაწყდება მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებს შორის, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ უშუალოდ ტენდერებში”, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.