ვირტუალური რეალობის სათვალეების მწარმოებელი კომპანია Oculus, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ს ეკუთვნის, სასამართლოს გადაწყვეტილებით ვალდებულია კომპანია Zenimax-ს გადაუხადოს ნახევარი მილიარდი დოლარი. კომპანია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
Zenimax-ის რწმუნებით, მისი ადრეული ნამუშევრები კომპანია Oculus-მა დააკოპირა, რომ შეექმნა საკუთარი ვირტუალური რეალობის სათვალე Rift.
მსაჯულებმა Oculus-ის დირექტორს პალმერ ლაკის ბრალი დასდეს შეთანხმების დარღვევაში, რომელიც ითვალისწინებდა საიდუმლო ინფორმაციის გაუხმაურებლობას. თუმცა მოპასუხე მხარის ბრალი კომერციული საიდუმლოების დარღვევაში ვერ დამტკიცდა.
Oculus-ში განმარტავენ, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის ბრალდება. „საქმის არსი მდგომარეობდა იმაში, ნამდვილად მოიპოვა თუ არა Oculus-მა Zenimax-ის კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, მსაჯულებმა ჩვენი სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს“ - განაცხადა კომპანია Oculus-ის პრეს-მდივანმა.
მოსარჩელე მხარე Oculus-ისგან 2 მილიარდ დოლარს ითხოვდა. ამდენივე გადაუხადა Facebook-მა თავის დროზე Oculus-ს ვირტუალური რეალობის სათვალის შესაქმნელად. კომპანიის მფლობელი მარკ ცუკერბერგი უარყოფს, რომ Oculus-ის პროდუქციაში გამოყენებულია სხვა რომელიმე კომპანიის ტექნოლოგია.
კოკა კვირკველია