ევროპარლამენტი - ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები მოკლე ვადით უვიზოდ შეძლებენ შენგენის ზონაში შესვლას

დღეს ევროპარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონით, საქართველოს მოქალაქეები მოკლე ვადით უვიზოდ შეძლებენ შენგენის ზონაში შესვლას, - აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

„აღნიშნული კანონმდებლობა უნდა ოფიციალურად დამტკიცდეს ევროსაბჭოს მიერ და ძალაში მას შემდეგ შევა, რაც „შეჩერების მექანიზმი“ ამოქმედდება, რაც ითვალისწინებს სავიზო რეჟიმის დროებით შემოღებას მიგრაციის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკების შემთხვევაში.

სამართლებრივი ცვლილება, რომლის თანახმად საქართველო გადაყვანილია იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად, უნდა დამტკიცდეს მინისტრთა საბჭოს მიერ. ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ ტექსტი გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსთვის ძალაში შევა „შეჩერების მექანიზმის“ ძალაში შესვლის დღიდან“, - განმარტავს ევროპარლამენტის პრესსამსახური.