საქართველოს სტამბოლის საერთაშორისო გამოფენაზე საუკეთესოდ ორგანიზებული სტენდის ჯილდო გადასცეს

საქართველოს სტამბოლის საერთაშორისო გამოფენაზე საუკეთესოდ ორგანიზებული სტენდის ჯილდო გადასცეს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან იუწყებიან.

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა EMITT 2017 მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილები იყვნენ: SHERATON BATUMI, PETERPAN TRAVEL, CITY AVENUE, აჭარის დეპარტამენტი, MARCO POLO HOTEL, GEONETEXPO.

მათივე ინფორმაციით, EMITT-საერთაშორისო ტურისტული გამოფენის საორგანიზაციო ჯგუფმა საქართველოს საუკეთესოდ ორგანიზებული სტენდის ჯილდო გადასცა.

„საქართველოს მიზანი იყო თურქეთის და სხვა წარმომადგენელი ქვეყნების და კერძო სექტორისათვის თავიანთი ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია; ასევე დაინტერესებული პირთათვის ქვეყნის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა საკმაოდ კარგად არის ცნობილი, გამოფენის მსვლელობისას იყო დაინტერესება საქართველოს სტენდის მიმართ, როგორც კერძო სექტორიდან, (რომლებიც ეძებენ პარტნიორს საქართველოში ან ჰქონდათ სხვადასხვა სახის შემოთავაზება) ასევე პოტენციური ტურისტებისგან, რომლებსაც სურდათ საქართველოს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 55 სხვადასხვა ქვეყანა, 450 ტურ-ოპერატორი და ის 46 670-მა ვიზიტორმა მოინახულა.