სოფლის განვითარების საუკეთესო პრაქტიკის გასაცნობად საქართველოში საინფორმაციო ტურები იმართება

სოფლის განვითარების საუკეთესო პრაქტიკის გასაცნობად, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში საინფორმაციო ტურები იმართება, - ამის შესახებ  ENPARD-დან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირი განაგრძობს სასწავლო ტურების მხარდაჭერას ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ადგილობრივი განვითარების ახალი ფორმის, ე.წ. ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) საქმიანობის გასაცნობად.

პირველი სასწავლო ტური გაიმართა ლაგოდეხში, 2016 წლის დეკემბერში, ხოლო მეორე ყაზბეგში 2017 წლის 1-2 თებერვალს. ყაზბეგის სასწავლო ტურში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ჯგუფის მუშაობაში ასევე მიიღო მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

სასწავლო ტური განხორციელდა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით. ღონისძიება შედგა გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (CiDA) და ორგანიზაციასთან „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) თანამშრომლობით. სასწავლო ტურის მონაწილეები შეხვდნენ ყაზბეგის განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გაეცნენ მიმდინარე ინიციატივებს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში.

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი დაარსდა 2016 წლის თებერვალში ევროკავშირის (EU) ხელშეწყობით. ჯგუფის ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირეს ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN), ბიოლოგიური მეურნეობების ასოციაციამ „ელკანა“ და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ჩეხეთის ეროვნულმა ქსელმა (NNLAG). ჯგუფი ითვლის 140 წევრს და აქტიურად მონაწილეობს მუნიციპალურ ცხოვრებაში. ევროკავშირის მხარდაჭერით, ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ლაგოდეხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებშიც მოქმედებს. მიმდინარე წელს, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფი კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში - დედოფლისწყაროში, ახალქალაქში, თეთრიწყაროში, ქედასა და ხულოში - ჩამოყალიბდება.

„საქართველოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების ევროპული მიდგომის, ე.წ. LEADER-ის, ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ევროპული LEADER-ის მიდგომა გულისხმობს ადგილობრივი განვითარების საკითხებში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი ინტერესთა ჯგუფების ჩართულობას. ევროკავშირი (EU) მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ახალი მიდგომის საქართველოში დანერგვისა და სოფლის განვითარებაში სამოქალქო ჩართულობის გაზრდის მიზნით.

სასწავლო ტურები და ადგილობრივი განვითარების საპილოტე ჯგუფების გაცნობა სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია. ინიციატივა სრულად ეხმიანება საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიას, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წლის დეკემბერში მიიღო.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD ხორციელდება 2013 წლიდან. 2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში შეადგენს 102 მილიონ ევროს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე - www.enpard.ge.