უახლოეს მომავალში, ქართულ ბაზარზე, სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემის (HACCP) შესაბამისი ჩაი გამოვა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს ”ლუკა 2010“-ს 25 წლის ვადით იჯარით გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალში მდებარე 290 533 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. კომპანია უზრუნველყოფს ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, ექსპლუატაციაში მიღებასა და აღჭურვას.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი შპს ”ლუკა 2010“–ს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ”ქართული ჩაის“ ფარგლებში გადაეცა.
”2016 წელს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს ”ლუკა 2010“-ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში მდებარე 79 980 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იჯარით გადაეცა, სადაც ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას”, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.