ყვითელი "მარშრუტკებით" მგზავრობა აღარ გაძვირდება

თბილისში მიკროავტობუსით მგზავრობა აღარ გაძივრდება. საწვავის ღირებულების მომატების მიუხედავად, "თბილისის მიკროავტობუსი" დღეს მოქმედ სამგზავრო ტარიფს შეინარჩუნებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები არსებულ სიტუაციას მაინც ეჭვის თვალით უყურებენ და ამბობენ, რომ თუკი ნავთობპროდუქტების გაძვირება მომავალშიც გაგძრელდება, ყვითელ "მარშრუტკებში" მგზავრობის ღირებულების შენარჩუნება ძალიან გაჭირდება.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირების სერია გრძელდება. რუსთავის შემდეგ (სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფი 10 თეთრით ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაძვირდა) ფასი გაიზარდა გორში, სადაც, შიდა გადაადგილება 10 თეთრით გაძვირდა. ამ ქალაქების შემდეგ მოსალოდნელია რომ მგზავრობის ფასი ქუთაისშიც მოიმატებს.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია "რეზონანსთან" საუბრისას საქალაქო ტრანსპორტის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობს. მისი თქმით, თუ საწვავის ფასი კიდევ მოიმატებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ტარიფის მინიმუმ 20 თეთრით გაზრდა გარდაუვალი იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ ახლო მომავალში მგზავრობის ღირებულება ქუთაისშიც გაიზრდება.

"რუსთავში და გორში შიდა საქალაქო გადაადგილება უკვე გაძვირდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისშიც ძვირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისშიც ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ ფასი გაიზრდება, რადგან ყველანაირი საწვავის ფასი მომატებულია. მაგალითად, ბენზინი გუშინწინ კიდევ გაძვირდა 10 თეთრით. რასაკვირველია, ამას ტრანსპორტირების ხარჯის გაზრდა მოჰყვება. ჩემი აზრით, "ყვითელი" მიკროავტობუსებით მგზავრობა, მინიმუმ 20 თეთრით მოიმატებს.

კონკრეტული დრო არ ვიცით როდის გაძვირდება, რადგან ეს დამოკიდებულია საწვავზე, რომლის სარეალიზაციო ფასი დროდადრო იმატებს. თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, გაზაფხულიდან, ხალხს მიკროავტობუსით გადაადგილება ახალი ფასით მოუწიოს", - განუცხადა "რეზონანსს" ალანიამ.

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ის კომპანიის ვალდებულებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება არ გაძვირდება.

"კომპანია ბოლომდე ითავისებს საკუთარ თავზე ნაკისრ ვალდებულებას და მგზავრობას არ გააძვირებს. ეს არის კერძო ბიზნესი და ჯერჯერობით თავს ვიკავებთ მგზავრობის ტარიფის გაზრდისგან. ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მგზავრობა გაძვირდება, - განუცხადა "რეზონანსს" "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე საუბრობს მოსახლეობაც. სტუდენტი ანა ნოზაძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დღეში რამდენჯერმე გადაადგილება უწევს, რაც გაძვირების შემდეგ შეუძლებელი გახდება.

"სტუდენტი ვარ და დღეში მინიმუმ 4-ჯერ მიწევს მიკროავტობუსით მგზავრობა, რადგან ლექციებს შორის რამდენიმე საათიანი შუალედი მაქვს. თუ სატრანსპორტო ტარიფი მოიმატებს, ნამდვილად ვერ გავწვდები იმ ხარჯს, რაც ჩემ ოჯახს ისედაც ტვირთად აწევს. შეიძლება ბევრმა მირჩიოს, რომ მეტროთი ვიმგზავრო, რადგან სტუდენტებს შეღავათი გვაქვს, მაგრამ ჩემთვის მეტრო ყველაზე მიუდგომელი ტრანსპორტია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ანა ნოზაძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"