ახალგაზრდა ქართველი წყვილის შექმნილ ხელნაკეთ ხის მაჯის საათებს უკვე სამი ამერიკელი სენატორი ატარებს. 23 წლის სოფი გურასაშვილი და ნიკა გიგაია ერთი წელია ამ ბიზნესით არიან დაკავებული. ხის საათების შექმნის, წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ”ბიზნესპრესნიუსი” სოფი გურასაშვილს ესაუბრა.
წყვილი, რომელმაც ორი პროფესია, ბიზნესის ადმინისტრირება და ინფორმაციული ტექნოლოგიები, ერთმანეთს დაუკავშირა, ამ ბიზნესის წამოწყების იდეამდე მაჯის საათების სიყვარულმა მიიყვანა. ”ჩემს ბიზნეს პარტნიორს, ნიკა გიგაიას სკოლის ასაკიდან ვიცნობ. ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ ერთად შეგვექმნა ქართული ბაზრისთვის განსხვავებული და საინტერესო პროდუქცია. იქიდან გამომდინარე, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს მაჯის საათები, გადავწყვიტეთ, თავად გვეცადა და დაგვემზადებინა ხელნაკეთი, ხის მაჯის საათი. საათების დამზადება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოგვედგინა, თუმცა დიდი შრომის შედეგად, მაინც შევძელით რამდენიმე მოდელის დამზადება. პირველი გამოფენა დაახლოებით 1 წლის წინ თბილისი მოლში გვქონდა, სადაც ჩვენმა საათებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.” - გვიყვება სოფი გურასაშვილი
ხელნაკეთი ხის მაჯის საათები ”Handy”-ის სახელითაა ცნობილი. როგორც სოფი გურასაშვილი ამბობს სახელის შერჩევისას ”Handy”-ზე შეჩერდნენ, რაც მოხერხებულს, მარჯვეს ნიშნავს და ხელით მუშაობასთან ასოცირდება. ”Handy”-ის ხის, მაჯის საათები ამ ეტაპზე ტექნოპარკში მზადდება და მხოლოდ ფეისბუკით იყიდება. საათებზე დიდი მოთხოვნაა საზღვარგარეთიდან: ”ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ, თუმცა მალე საკუთარი დანადგარი გვექნება. მასალად 5-6 სახეობის ხეს ვიყენებთ, უახლოეს მომავალში მასალისა და ფერების დიდი არჩევანი გვექნება. საათების დამზადებაზე ერთი მკერავი და ორი მესაათე მუშაობს. ჩვენი საათები ძირითადად საშუალო და მაღალ სამომხმარებლო სეგმენტზეა გათვლილი. პროდუქტზე მოთხოვნა საზღვარგარეთიდან ბევრად დიდია ვიდრე საქართველოდან. შემოთავაზებები გვაქვს ევროპის ქვეყნებიდან. ქართველებთან ერთად ჩვენი მომხმარებლები არიან რუსები, სომხები და უკრაინელები.” - ამბობს სოფი გურასაშვილი
ახალგაზრდა წყვილის ხელნაკეთ საათებს სამი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი და ემი კლობუჩარი ატარებენ. როგორც ბისნესმენი ამბობს პირველ იანვარს საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში გამოფენა მოეწყო, რომელსაც სენატორები ესწრებოდნენ: ”გამოფენაზე ჩვენი ნამუშევრებით ვიყავით მიწვეული. სენატორებს იმდენად მოეწონათ ჩვენი საათები, რომ საქართველოს სახელით, სამივე მათგანს საჩუქრად გადაეცათ. ეს ძალიან დიდი სტიმული და მეტი პასუხისმგებლობა იყო. ამ ფაქტმა ჩვენი გაყიდვები და ცნობადობა ნამდვილად გაზარდა.” - გვიყვება სოფი გურასაშვილი
მისი თქმით ხელნაკეთი ხის საათების ბიზნესის დაწყება რთული არ ყოფილა: ”ჩვენ 2 უმთავრესი რამ გვქონდა: იდეა და ენთუზიაზმი. იდეის განხორციელებისთვის, საწყისი კაპიტალი დაახლოებით 300 ლარს შეადგენდა, მაგრამ ეს თანხა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა წარმატებული სტარტაპი შეგვექმნა. ორწლიანი გამოცდილება დაგვეხმარა ”ჰენდი” წარმატებულ ბიზნესად გვექცია. ხის მაჯის საათების შექმნის პარალელურად ორ წელზე მეტია მცირე ბიზნესი გვაქვს, ხისა და ტყავის წიგნაკებს ვამზადებთ, რომელიც ასევე წარმატებულია.” - ამბობს ბიზნესმენი
სოფი გურასაშვილი ”ბიზნესპრესნიუსთან” პირველ წარმატებასა და წარმატებისთვის აუცილებელ თვისებებზე საუბრობს: ”პირველ და მთავარ წარმატებად ”ჰენდის” დაარსებას ვთვლი, რადგან ხის საათების დამზადება საკმაოდ რთული და წარმოუდგენელი იყო. ყველანაირი ბარიერისა და სირთულის მიუხედავდ შევძელით ჩვენი ოცნება რეალობად გვექცია. მთავარია გიყვარდეს ის საქმე რასაც აკეთებ და გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების. საქმეში არ არსებობს გადაულახავი ბარიერი. დაუღალავი შრომით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.” - გვეუბნება სოფი გურასაშვილი
”Handy”-ის შემქმნელები სამომავლოდ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, პროდუქციის გამრავალფეროვნებასა და საკუთარი მაღაზიის გახსნას გეგმავენ.
თათია ახვლედიანი