დავით ნარმანია – 2016 წელს ბიუჯეტის 99 %-იანი შესრულება გვქონდა, რაც უპრეცენდენტოა

მნიშვნელოვანია ის, რომ 2016 წელს ბიუჯეტის უპრეცედენტო შესრულების მაჩვენებელი გვქონდა 99%, რაც იმას ნიშნავს, რომ განხორციელდა ყველა პროექტი და პროგრამა, რაც ბიუჯეტით იყო დაგეგმილი , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას გასული წლის მთავარი პრიორიტეტები გააცნო, რომელთა შორისაც არის ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა და გამწვანების ღონისძიებები.

"მნიშვნელოვანია ის, რომ 2016 წელს ბიუჯეტის უპრეცენდენტო შესრულების მაჩვენებელი გვქონდა, 99%, რაც ნიშნავს იმას, რომ განხორციელდა ყველა პროექტი და პროგრამა, რაც 2016 წლის ბიუჯეტით იყო დაგეგმილი. საგზაო სამუშაოების თვალსაზრისით, მილიონნახევარი კვადრატული მეტრი გზა დაიგო ქალაქის მასშტაბით, რაც 5-6 წლის მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. მნიშვნელოვანი იყო სამება-მახათას და შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა. დასრულდა მუხათგვერდის პანდუსის მშენებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია იმისათვის, რომ დიდ დიღომში აღმაშენებლიდან გადაადგილება იყოს საცობების გარეშე. ხაზგასასმელია ისიც, რომ დასრულდა 7 საბავშვო ბაღის მშენებლობა და დაიწყო 10 ახალი ბაღის მშენებლობა. გარემონტდა 3 ბაღი, 80 ბაღის ეზო, ღობეები და სხვა", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტის შესრულების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.