2017 წელს თბილისში 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას საბავშვო ბაგა-ბაღების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, 2016 წელს 7 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა, რის შედეგადაც 3000-ზე მეტმა ბავშვმა შეძლო ბაღებში დარეგისტრირება.

დავით ნარმანიას განცხადებით, ეს ტენდენცია 2017 წელსაც შენარჩუნდება და მიმდინარე წელს კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება.

„გასულ წელს, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 4 დახურული ბაღი აღადგინა, 2 ბაღს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, 13 ბაგა-ბაღი კი გარემონტდა. რის შედეგად, გაიხსნა 20 ახალი ჯგუფი და 700-ზე მეტმა აღსაზრდელმა შეძლო ბაღებში დარეგისტრირება. პარალელურად კეთილმოეწყო არაერთი ბაგა-ბაღის ეზო. 2016 წლის იანვრიდან კი, თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს დაემატა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეც-პედაგოგის შტატი. 2016 წელს 40-მდე საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებდა, სადაც მომსახურება 14 000-მა აღსაზრდელმა მიიღო“, - განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ჩატარებული სამუშაოები საკმაოდ დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს საჭიროებდა, თუმცა, მისივე თქმით, ეს არის სფერო, რომელშიც შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა ჩაიდოს.