ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ვიდრე შენობა არ იქნება უსაფრთხო, იქ ადამიანების შეშვება რისკთან არის დაკავშირებული , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რითაც "ბავშვთა სამყაროს" დამწვარ შენობაში დარჩენილი ძვირფასი ნივთების გამოტანის საკითხს გამოეხმაურა.
დავით ნარმანიას განმარტებით, შესვლის შემთხვევაში რომ ვინმე დაზიანდეს, გაჩნდება კითხვები, „რატომ მივეცით შენობაში შესვლის ნება?“.
მისივე განცხადებით, საკითხს სამხარაულის ექსპერტებთან ერთად მერიის ლაბორატორიის ექსპერტები იკვლევენ და დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„შენობა, პირველ რიგში, უნდა გახდეს უსაფრთხო, რომ იქ ადამიანები შევიდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩავრთეთ სამხარაულის ექსპერტები ჩვენი მუნიციპალური ლაბორატორიის ექსპერტები, რათა მათ ერთობლივად მიიღონ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და გვითხრან, თუ რა ფორმით და როგორ უნდა მოვიქცეთ. შენობის გარკვეული ნაწილის დემონტაჟი ისე, რომ იქ შემორჩენილი და შენახული ნივთები არ დაზიანდეს, ნამდვილად იქნება შესაძლებელი ისევე, როგორც ცალკეული ნაწილის დროებით გამაგრება, რათა შესვლა გახდეს უსაფრთხო. ღმერთმა ნუ ქნას და იქ რომ რამე არასასურველი მოხდეს და ვინმე დაზიანდეს, ასეთ შემთხვევაში გაჩნდება კითხვები, რატომ მივეცით მათ შენობაში შესვლის საშუალება? - ამ საკითხების სათანადოდ მოგვარების შემდეგ მიეცემათ შენობაში შესვლის ნება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეების ნაწილი ითხოვს შენობაში შესვლას და დახლებზე დარჩენილი ძვირფასი ნივთების გამოტანას, რის საშუალებასაც პოლიცია, უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ აძლევს.