თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი აპარატები მონტაჟდება. მოქალაქეებს ახალი აპარატებით სარგებლობა ახალი ავტობუსების ნაწილში უკვე შეუძლიათ, ქალაქის ყველა მუნიციპალურ ტრანსპორტში კი მათი დამონტაჟება ეტაპობრივად მოხდება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, აპარატები ნაღდ ანგარიშსწორებაზე არ მუშაობს და ბილეთს არ ბეჭდავს. მათივე განცხადებით მგზავრობის საფასურის გადახდა მეტრომანით, შეღავათიანი ტარიფის ბარათებითა და საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათის საშუალებითაა შესაძლებელი. უახლოეს მომავალაში კი მგზავრები სხვა ნებისმიერი ბანკის ბარათების გამოყენებასაც შეძლებენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით მგზავრობის საფასურის გადახდის დადასტურების შემთხვევაში, ახალი აპარატის ეკრანზე მწვანე ფონი გამოისახება. ბარათზე თანხის არარსებობის ან სხვა ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაზე აპარატის ეკრანი წითლდება და შესაბამის ინფორმაციას გაწვდით.
კომპანიის ინფორმაციით, მგზავრების ბარათებს კონტროლიორები მობილურში ჩატვირთული შესაბამისი აპლიკაციით შეამოწმებენ. ”კონტროლიორებს შესაძლებლობა ექნებათ შეამოწმონ ინფორმაცია მგზავრობის საფასურის გადახდის წინა ტრანზაქციების შესახებ, დარჩენილი ნაშთის, მარშრუტისა და ავტობუსის სახელმწიფო ნომერის შესახებ. ამასთან, მათ პირის მიერ ბარათით შესრულებულ სხვა ტრანზაქციებზე წვდომა არ აქვთ,” - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მათი განმარტებით, თუ მგზავრს თანხის გადასახდელად შესაბამისი ბარათი არ აქვს და ნაღდი ფულით სურს ანგარიშსწორება, ის მგზავრობის საფასურის გადახდას ძველი აპარატით შეძლებს.